გამოქვეყნდა საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3,736,400 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 1.3%-ით მეტია. მოსახლეობის ზრდის ერთადერთი მიზეზი საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაცია იყო - სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა, ემიგრანტების რაოდენობა კი 125 ათასი იყო. შედეგად, დადებითი მიგრაციული სალდო 55 ათასს შეადგენდა.
თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ იმიგრანტების უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქე არ იყო, ხოლო ემიგრანტების 80%-ზე მეტს სწორედ საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენდნენ.
2022 წელს დადებითმა მიგრაციულმა სალდომ უარყოფითი ბუნებრივი მატება გადაფარა. გასულ წელს გარდაცვალების სტატისტიკა დაბადებას 6.8 ათასით აღემატებოდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ყველაზე ხალხმრავალი მხარე თბილისია, სადაც 1.24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა იმერეთი 463 ათასი მაცხოვრებლით, მესამე ადგილზე 442 ათასი მაცხოვრებლით ქვემო ქართლია. ყველაზე ცოტა - 27 ათასი მაცხოვრებელი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.
2022 წელს საქართველოში შემოსული იმიგრანტების განაწილება მოქალაქეობის მიხედვით ასე ნაწილდება:
1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;
2. საქართველო - 54,405 ადამიანი;
3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;
4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;
5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.
ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?
ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.
მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?
პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).
შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.
შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.