მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეკორდული სიცხე და ხანძრები - 2026 წელი სამხრეთ ნახევარსფეროში სტიქიით დაიწყო

ხანძარი

არგენტინიდან ავსტრალიამდე და სამხრეთ აფრიკამდე - 2026 წელი სამხრეთ ნახევარსფეროსთვის რეკორდული სიცხეთა და ტყის ხანძრებით დაიწყო. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ სამი ყველაზე ცხელი წლის შემდეგ, წინ კიდევ უფრო ექსტრემალური ტემპერატურები და, შესაძლოა, ახალი გლობალური წლიური რეკორდი გველის - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

იანვარში ავსტრალიაში ტემპერატურა 50°C-ს მიუახლოვდა. პარალელურად, სიცხე და კატასტროფული ხანძრები მძვინვარებდა სამხრეთ ამერიკაში: ცეცხლი გაჩნდა არგენტინის პატაგონიის დაშორებულ ნაწილებში, ჩილეს სანაპირო ქალაქებში კი სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკა ბოლო წლების ყველაზე მძიმე ხანძრებს ებრძვის.

ექსტრემალური მოვლენები იმ ფონზე ხდება, როცა მსოფლიო სუსტი "ლა-ნინიას" გამაგრილებელი გავლენის ქვეშაა - კლიმატური ციკლი, რომელიც წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყლის გაგრილებას იწვევს და 2024 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ შემაკავებელი ფაქტორის მიუხედავად, ტემპერატურა სხვადასხვა ადგილას რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზების ხელმძღვანელის, ადამ სკეიფის თქმით, წელს ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს სავარაუდოდ 1.46°C-ით გადააჭარბებს. ეს იქნება ზედიზედ მეოთხე წელი, როცა მაჩვენებელი 1.4°C-ზე მაღალია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის პარიზის შეთანხმება მიზნად ისახავს, გლობალური დათბობა 1.5°C-ზე დაბლა შეინარჩუნოს. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ კი გასულ თვეში დაადასტურა, რომ ბოლო სამი წელი ისტორიაში ყველაზე თბილი იყო.

მართალია, ხანძრების უმეტესობა ადამიანური ფაქტორითაა გამოწვეული, მაგრამ ისინი ბევრი ეკოსისტემის ბუნებრივი ნაწილიცაა. ამავდროულად მუდმივი სიცხე, გვალვა და ექსტრემალური ტემპერატურა მართვად ხანძრებს სულ უფრო უკონტროლო და დამანგრეველ მოვლენებად აქცევს.

ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის მეტეოროლოგის, კაროლინა ვერას თქმით, ამ ცვლილების ნათელი მაგალითია არგენტინის ლოს-ალერსესის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძარი. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული პარკი 3000 წელზე მეტი ხნის ხეების თავშესაფარია.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. თავდაპირველად ცეცხლი კონტროლს ექვემდებარებოდა, თუმცა ვერას განცხადებით, სიცხისა და ძლიერი ქარის გამო ის ერთ დღეში 20 კმ-ზე გავრცელდა, რაც პარკისთვის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე ხანძარი აღმოჩნდა.

იანვრის ბოლოს ხანძრები მეზობელი ჩილეს სამხრეთ ნაწილშიც გაჩნდა და კონსეფსიონის აგლომერაციას (ქვეყნის სიდიდით მესამე რეგიონი) გადაედო, რამაც ასობით სახლი გაანადგურა და სანაპირო თემებში 21 ადამიანი იმსხვერპლა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს სტიქია ჰგავს ბოლოდროინდელ კატასტროფებს ლოს-ანჯელესში, ათენსა და ჰავაის კუნძულ მაუიზე.

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში რეკორდულმა სიცხემ ხელი შეუწყო ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე ხანძრებს 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ცნობით, სამხრეთ აფრიკაში 2025-2026 წლების სეზონი ბოლო ათწლეულში ყველაზე მძიმეა - ცეცხლმა გაანადგურა ველური ბუნება და დააზარალა ტურისტული მიმართულებები.

ხანძრებს მზარდი ეკონომიკური ზარალი მოაქვს. სადაზღვევო ბროკერის, Aon-ის 2026 წლის ანგარიშით, 2025 წელს გლობალურად ხანძრებით გამოწვეული დაზღვეული ზარალი 42 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2000-2024 წლებში საშუალო წლიური მაჩვენებელი 4 მილიარდი იყო. გასულ წელს ლოს-ანჯელესის ხანძრები ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა.

მსოფლიოს სიდიდით მეორე სადაზღვევო კომპანიის, Swiss Re-ს მონაცემებით, თუ 2015 წლამდე ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ გლობალურ დაზღვეულ ზარალში ხანძრების წილი 1% იყო, ახლა ის 7%-ს შეადგენს. ხანძრებთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალი 1970 წლიდან მოყოლებული წლიურად დაახლოებით 170 მილიონი დოლარით იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები