რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი, ზაზა დემეტრაშვილი აცხადებს, ფონდი „ქართუს“ დასკვნა ადასტურებს იმას, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დასანგრევი არ არის და დემონტაჟს არ ექვემდებარება.
მისივე ცნობით, განცხადების თანახმად, შენობაში გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება.
„2018 წლის სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, მზიდი კონსტრუქციები არის მდგრადი, რაც ნიშნავს იმას, რომ შენობა დემონტაჟს არ ექვემდებარება. ხოლო, არამზიდი კონსტრუქციები, რეაბილიტაციას მოითხოვს და არა დემონტაჟს.
ფონდი „ქართუს“ და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, ფაქტობრივად ერთმანეთს ავსებს და ადასტურებს იმას, რომ კონსტრუქცია დასანგრევი არ არის,“-აცხადებს დემეტრაშვილი.
მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2007 წელს, ფონდს ტერიტორია ჰქონდა შესწავლილი და ამ შენობის ნაცვლად, ახალი კლინიკის აშენებას გეგმავდა. თუმცა, რატომ არ მოხდა ახალი კლინიკის მშენებლობა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.
ეს სამედიცინო დაწესებულებებია:
- რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- საჩხერის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
- ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
- გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
- ჯეო ჰოსპიტალი ქსელი;
- კავკასიის მედიცინის ცენტრი;
- ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
- თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
- იმედის კლინიკა;
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
- თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი