რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი, პროფესორი ზაზა დემეტრაშვილი აცხადებს, რომ საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებით ადრე გავრცელებული დასკვნები მცდარი იყო. ასე უპასუხა მან bm.ge-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
როგორც მან თქვა, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ შენობა დასანგრევი არ არის.
„ის დასკვნები, რომელთა საფუძველზეც იყო განცხადება, რომ შენობა იყო არამდგრადი და ექვემდებარებოდა დემონტაჟს, არ იყო ვალიდური. სახელმწიფოს მიერ მოპოვებული იქნება როგორც ადგილობრივი, ისე, საერთაშორისო დასკვნები, რომლებიც იძლევა 100%-იან გარანტიას იმისა, რომ შენობა არის აბსოლუტურად მდგრადი. არ ექვემდებარება დემონტაჟს, არის სტაბილური და საჭიროებს რეაბილიტაციას. რატომ უნდა დაანგრიო ამ შემთხვევაში შენობა, რომელზეც არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა მდგრადია, და ასევე არსებობს საერთაშორისო დასკვნებიც. პრემიერმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, თებერვალში, ეს იყო აბსოლუტურად სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს შენობა იქნება სახელმწიფოსი და ეს დაწესებულება მოემსახურება ქვეყანას და ხალხს“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, პროფესორმა ზაზა დემეტრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი, კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტი განხორციელდებოდა.
მანამდე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ჯერ კიდევ იანვარში, თანამდებობის დატოვებამდე აცხადებდა, რომ 5 სხვადასხვა, დამოუკიდებელი დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისათვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია.
"ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩვენ ვთხოვდით დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, კლინიკაში ჩასატარებელი ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაო არც მიზანშეწონილი და არც ხარჯთეფექტური არ იქნებოდა.
შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, ეს წინა შენობაა 2-სართულიანი, ხოლო ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება, რომელიც იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ექნება ყველა ის მიმართულება თუ პროფილი, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის", - ამბობდა მაშინ აზარაშვილი.