მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ანგრევს აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთ სახელმწიფო კლინიკას - ექიმი

რესპუბლიკური

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ასეთი რამ არ მომხდარა, სახელმწიფო ანგრევს აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთ სახელმწიფო კლინიკას", - ასე შეაფასა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ზოგადმა ქირურგმა კლინიკის დაანონსებული დანგრევა.

მისი თქმით, არავინაა ახალი, მულტიპროფილური კლინიკის აშენების წინააღმდეგი, თუმცა არსებობს საკმარისი ტერიტორია, რომ აშენებამდე არსებული შენობა შენარჩუნდეს.

"გვაქვს ონკოლოგიური საავადმყოფოს მწარე გამოცდილება. კლინიკა დაანგრიეს. დაპურდნენ ახლის აშენებას და იქ, რა არის აშენებული შეგიძლიათ ნახოთ. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, რომელმაც იტვირთა პანდემიის დროს მთავარი როლი. ასევე, 2008 წლის ომის და ყველა კრიზისის დროს, ძირითადი დატვირთვა ჩვენზე მოდიოდა.

საავადმყოფოს 2020-2021 წლებში ჩაუტარდა რემონტი. 4-8 სართულები სრულად რეაბილიტირებულია. 2022 წლის შემოდგომაზე პედიატრიული განყოფილება უნდა გახსნილიყო. გაარემონტეს და დააკონსერვეს. თანამშრომლებიც კი აიყვანეს და ერთი დღე არ უმუშავიათ, ისე გაუშვეს სახლში.

ხელისუფლება ამბობს, რომ აქ მრავალპროფილური, უნიკალური კლინიკის აშენება უნდათ, ამის წინააღმდეგი არავინაა. პირიქით, მივესალმებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ შეიძლება ეს დაანგრიონ? ჩვენ ვამბობთ, რომ ააშენონ და ამისთვის სრულად საკმარისია ტერიტორია 7.7 ჰექტარი. აქ ყველაფრის აშენება შეიძლება და პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ მაგრამ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ეს არის უპრეცედენტო ამბავი, სახელმწიფო ანგრევს აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთ სახელმწიფო კლინიკას", - განაცხადა ზაზა დემეტრაშვილმა.

შეგახსენებთ,რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში კლინიკის პერსონალი აქციას მართავს. როგორც კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, ისინი კლინიკის დაანონსებულ დანგრევას აპროტესტებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები