მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანი "თაშრე": "იმხელა პროცენტი გვაქვს დარიცხული, წარმოდგენაც მზარავს"

5f85c6f469118
ელენე გოგბერაშვილი
13.10.20 22:00
5134
დაყადაღებული ქონება, გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებები, იჯარა და კომუნალური გადასახადები- ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც სტუმარ-მასპინძლობის სექტორი აღმოჩნდა.

რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ბარ-რესტორნების დიდი ნაწილი დროებით, ზოგი კი სამუდამოდ დაიხურა. მათი გათვლებით, მომავალი წლის მაისამდე ქვეყანაში რეგისტრირებული 10 ათასზე მეტი ობიექტიდან მხოლოდ 10-15% მიაღწევს.

რესტორატორებისთვის საგადასახადო ტვირთთან ერთად მთავარი გამოწვევა საბანკო ვალდებულებებია. როგორც რესტორატორები ამბობენ, რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ მთავრობამ ბანკებთან უშუამდგომლოს.

„ბიუჯეტში თანხები შეგვაქვს, ჩვენს უკან ოჯახები დგას, ესენი არიან მომსახურე პერსონალი, მზარეულები, მრეცხავები, დაცვის თანამშრომლები, რომელთა უკან ასევე ოჯახები დგას. ამ ეტაპზე სასურველი იქნება ბანკთან ურთიერთობაში რეალურად დაგვეხმარონ და არა კაბალურად, რაღაც პერიოდით გადაგვივადონ, მაგრამ პროცენტი იყოს ისეთი, რომ აბსოლუტურად აზრი ჰქონდეს დაკარგული საბანკო ვალდებულებების მომსახურებას.

იმხელა პროცენტი გვაქვს უკვე დარიცხული, წარმოდგენაც მზარავს, როცა კონკრეტული თვე მოვა. როგორ შეიძლება ამ თანხის გადახდა?!. ჩათვალეთ ეს გადავადება არაფრის მომცემი არ არის, რადგან ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთი, რეალურად არ არის გადავადებული. კატასტროფულ თანხებზეა საუბარი“- განაცხადა რესტორან „თაშრეს“ გენერალურმა დირექტორმა, მაკა ცაბუტაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის შუამდგომლობით საბანკო სექტორმა მომხმარებლებს სამი თვით ავტომატურად გადაუვადა საბანკო ვალდებულებები. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საფინანსო ინსტიტუტებმა ინდივიდუალურად მოახდინეს კლიენტთა მიმართვის საფუძველზე სესხების მომსახურების ვადის მორიგი ცვლილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები