მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესტორანმა კარგად რომ იმუშაოს, ფული ადამიანებში უნდა რეინვესტირდეს" - ლუკა ნაჭყებია

ლუკა ნაჭყებია

სასადილო „ცეხის“ დამფუძნებლის, შეფ ლუკა ნაჭყებიას აზრით, „რესტორანმა კარგად რომ იმუშაოს, პირველ რიგში, ფული ადამიანებში უნდა რეინვესტირდეს“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში სარესტორნო ბიზნესში ანაზღაურების სხვადასხვა სისტემასა და საქართველოს რეალობისთვის ყველაზე ოპტიმალურ მოდელებზე საუბრისას განაცხადა.

„არ მომწონს ანაზღაურების ამერიკული მოდელი, რომ მიმტანი იმაზე იყოს დამოკიდებული, „ჩაის“ დაუტოვებენ თუ - არა“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შეიძლება, ასეთი მოდელი აშშ-ში ამართლებს.

„ამერიკაში ბევრი რაღაცაა, რომელიც არ მომწონს, მით უმეტეს ამ სფეროში და ერთ-ერთი ეგაა... თუ გამომუშავებით ანაზღაურებაზეა საუბარი, საათობრივი გამომუშავება ძალიან კარგია და „ჩაი“ რაც რჩება, რჩება. ჩვენ ასეთი პოლიტიკა გვაქვს - ვიხდით ფიქსირებულ ხელფასს, მაქსიმალურს, რაც შეგვიძლია და „ჩაი“ სამზარეულოს“ სტაფზე“ ნაწილდება ხოლმე. over time-ების შემთხვევაში კი, ჩვეულებრივ ანაზღაურებადი პირობებით გვყავს თანამშრომლები. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ხელფასები გვაქვს, ყველას რომ ძალიან გაახარებს, რადგან არ არსებობს რესტორნის მართვა ისე, რომ რაც მინდა, ის ანაზღაურება გადავუხადო თანამშრომლებს, მაგრამ როცა საშუალებაა, {ცეხის} დამფუძნებლები, პირველ რიგში, თანამშრომლებს ვუმატებთ ხოლმე ხელფასებს. ვცდილობთ, დაბალ ხელფასზე არავინ გვყავდეს.

მგონია, რომ სამსახურში ემოციურადაც უნდა წაახალისო ადამიანი, მაგრამ ფინანსური წახალისება მნიშვნელოვანია.

რესტორანმა დიდი ხანი რომ გაძლოს და კარგად იმუშაოს, პირველ რიგში, ფული ადამიანებში უნდა რეინვესტირდეს, რადგან ადამიანები ქმნიან იმ რესტორანს. რაც არ უნდა კარგი ინტერიერი ჰქონდეს რესტორანს ან კრეატიული შეფი ჰყავდეს, ყველა სხვა თუ არ მუშაობს, შედეგი ვერ იქნება... ჩემი კერძები ჩემი "სტაფის" გარეშე ვერ ივარგებდა“, - თქვა ლუკა ნაჭყებიამ.

შეფმა „ცეხში“ დასაქმებულების ანაზღაურების და სასადილოს მოგების მარჟებზე კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ „ცეხი“ მინიმალურ მოგებაზე მუშაობს“.

„გვირჩევნია, სახელი გვქონდეს, კარგი გარემო იყოს და ყველა მეტ-ნაკლებად ბედნიერი იყოს {ცეხში}... ეს იმიტომაც არის კარგი, რომ როცა რესტორანში მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია, შეგიძლია წყნარად გამოხვიდე, სხვა საქმე აკეთო და გეცოდინება, რომ ეს რესტორანი არ ჩამოიშლება“, - დასძინა ლუკა ნაჭყებიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები