სასწრაფოდ გვესაჭიროება გაიდლაინები, - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.
ჰოტელიერი დაწვრილებით განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიდლაინების ცოდნა და აღნიშნავს, რომ ამის მიხედვით ბიზნესსუბიექტები შეძლებენ გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა ოპერირება გამკაცრებული წესების პირობებში.
"10 000 რესტორანი ელოდება გაიდლაინებს, როგორ უნდა იმოქმედოს და რა წესებს უნდა დაემორჩილოს. თუ არ გვექნება გაიდლაინები, ვერც მომზადებას შევძლებთ და ვერც გახსნას. იმისთვის, რომ ბიზნესმა ყველა საკითხი მოაგვაროს და ამ ახალ წესებზე აეწყოს, 2 კვირა მაინც სჭირდება. მეორე არის ის, რომ ამ გაიდლაინების მიხედვით შესაძლოა, კომპანიებს ფინანსურად აღარ უღირდეთ, გაიხსნან, რადგან მაგალითისთვის, 20 მაგიდის მაგივრად 5 მაგიდა უნდა დავდგათ, რამაც შესაძლოა, ხარჯი ვერ დაფაროს. უმრავლესობა იჯარებით მუშაობს, მოიჯარეებმა მეიჯარეებთან უნდა დაალაგონ ეს საკითხები...
ჩვენს ბიზნესში ყველაფერი თვლადია და იმისთვის, რომ სექტორმა მოახერხოს გადაწყვეტილების მიღება და მორგება ახალ რეალობაზე, გაიდლაინებია საჭირო, რომელიც არ გვაქვს. სასწრაფოდ გვესაჭიროება გაიდლაინები", - განმარტავს შალვა ალავერდაშვილი.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტურიზმის გახსნისთვის შესაბამისი რეგულაციები ხვალ გახდება ცნობილი.