მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნები აგრარული პროდუქციის შესყიდვისას დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ

62c452f9695e2
ანუკა ჯოხაძე
05.07.22 21:50
853
სარესტორნე ბიზნესი აგრარული პროდუქციის შესყიდვის დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს, როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, იმის გამო რომ აგრარული პროდუქცია დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებულია, ხოლო მისი შესყიდვისას ჰორეკა სექტორი 18%-ით მაინც იბეგრება, სარესტორნე ბიზნესს ადგილობრივ პროდუქციაზე ხშირ შემთხვევაში უარის თქმა უწევს, რითაც ფერმერები ზარალდებიან.

რესტორატორი მერიკო გუბელაძე აცხადებს, რომ საკითხზე კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ნათია თურნავას მინისტრობის დროსაც იყო, თუმცა მაშინ პასუხი მოკლე და მკაფიო იყო, რომ საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილებოდა.

მისი თქმით, არც მას შემდეგ ყოფილა არსებითი კომუნიკაცია აგრარული პროდუქციის შესყიდვისას რესტორნების დღგ-გან გათავისუფლებაზე, არადა პოსტპანდემიურ პერიოდში საკითხმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

“მაგალითად თუ იყიდე პომიდორი ერთი კოდი აქვს, თუმცა პომიდვრისგან რომ გააკეთე სალათა, მოასხი ზეთი, ძმარი და ა.შ უკვე სხვა კოდი აქვს და ამ კოდზე უკვე იხდი შენ დღგ-ს გადასახადს. ეს 18% რესტორნებისთვის ძალიან რთულია, რადგან არსებობა რესტორნებისთვის დღეს ძალიან რთულია. წლებია ვითხოვთ, დამატებითი ღირებულების გადასახადის მოხსნას ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, ეს არის ლოგიკური. მთელ მსოფლიოში ეს პრაქტიკა არის.

ეს თემა დაძრული არაა, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება ჩვენთვის და ჩვენი სექტორისთვის იქნებოდა შეღავათი, ეს არის ჯანსაღი ჯაჭვი, რომლის წახალისებას მთავრობას უნდა უნდოდეს. რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ თუ მე - რესტორანი ყოველთვის ვიყიდი ჩვენი ფერმერების პროდუქციას, ეს ხომ ჩვენს ფერმერებსაც წაახალისებს და მეტ მოტივაციასაც მისცემს?!”-აცხადებს რესტორატორი მერი გუბელაძე.

აგრარული პროდუქციის შესყიდვის დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივა აქვს რესტორან "თაშრეს" მენეჯერ მაკა ცაბუტაშვილსაც. მისი თქმით, იმის გამო რომ რესტორნები ადგილობრივი აგრარული პროდუქციის შესყიდვისას დღგ-ს ჩათვლას ვერ ახერხებენ, აქცენტს ისეთ კომპანიებზე აკეთებენ, რომლებიც დღგ-თი იბეგრებიან, შესაბამისად ისინი ფერმერების პროდუქციის შესყიდვას თავს არიდებენ.

“კომპანიები აკეთებენ აქცენტს იმპორტირებულ პროდუქციაზე, რადგან შემოტანილ პროდუქციას რომ შეიძენ, მაგალითად პომიდორს, კიტრს, ბულგარულს, ქათმის ფილეს დღგ-ს ითვლი, ჩვენთან რაც არის წარმოებული იმის შეძენისას იბეგრები. აგრარული პროდუქციის შესყიდვისას დღგ-გან რესტორნების გათავისუფლება არის ერთ-ერთი აუცილებელი და უპირველესი საკითხი, რომელიც მოსაგვარებელია”, - ამბობს "თაშრეს" გენერალური მენეჯერი.

ჰორეკა სექტორისთვის აგრარული პროდუქციის შესყიდვისას საგადასახადო შეღავათების ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობენ ფერმერთა ასოციაციაშიც. რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში საკვების მწარმოებელი ობიექტები განსხვავებულად იბეგრებიან, არის როგორც 18 პროცენტია დაბეგვრის სისტემა, ისე ნულოვანი, ასევე ხშირად მოქმედებს შეღავათიანი დაბეგვრის სისტემაც. მისი თქმით, ფართო ჭრილში უნდა შევხედოთ საკითხს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ, ეს კი იმისთვის, რომ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზება გაიზარდოს.

“ვფიქრობთ, რომ კარგი პერიოდია დისკუსია აღნიშნულ საკითხზე მუშა პროცესში გადავიყვანოთ. არ იყოს ფრაგმენტულად, იმიტომ რომ ხშირად არის ამაზე საუბარი სხვადასხვა ინდუსტრიის მიერ, მათ შორის ჰორეკა სექტორის მხრიდან. ყველა სექტორი თავისი კუთხით მსჯელობს ამ თემაზე, თუმცა ფრაგმენტულად ამის გაკეთება უფრო რთულია. სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-თი დაბეგვრის ახალ სისტემაზე შეგვიძლია ვიფიქროთ", - აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები