ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, რესტორნების წუხილი ყველასთვის გასაგებია და მთავრობამ იცის, რომ მათ მეტი უნდათ, თუმცა აუცილებელია, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმას მივყვეთ.
ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების გარე სივრცეები იხსნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. მედიამ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა როდის მიეცემათ კვების ობიექტებს სრულყოფილად მუშაობის საშუალება.
„ორშაბათიდან იხსნება რესტორნების გარე სივრცეები, თუმცა მათთვის ძალაშია საღამოს გადაადგილების შეზღუდვა და შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვა. ეს არის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ეტაპობრიობის პრინციპი, რადგან ერთი მხრივ, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, ვინაიდან მეტ-ნაკლებად კონტროლის ქვეშ გვყავს აყვანილი ეპიდვითარება და სტაბილურობა არის, თუმცა მეორე მხრივ, ერთიანად ყველაფერი რომ გავხსნათ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი“, - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება რესტორნებს, მინისტრის თქმით, რესტორნების პირველი მტერი არის პანდემია და შეზღუდვები რესტორნებსაც იცავს.
„კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ შიდა სივრცეებში მუშაობაც, შაბათ-კვირას მუშაობაც და ა.შ. გასაგებია ეს ყველაფერი ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები რესტორნებსაც იცავს იმის გამო, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიწევს ლიბერალიზაციის პოლიტიკის კვლავ გამკაცრება და ისევ შეზღუდვების დაწესება. მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. წინა კვირაშიც გაიმართა შეხვედრა, სადაც საუბარი იყო, თუ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რომ უფრო მიმზიდველები იყვნენ მომხმარებლებისთვის, როგორც უსაფრთხო სივრცეები“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავა მომდევნო კვირაში რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა მათგან გახსნის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაცია მოისმინოს. „ზოგადად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - ამბობს მინისტრი.
გარდა ამისა, მინისტრის თქმითვე, ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა პირველი გახსნიდან არ გასულა საკმარისი დრო, რომ დადგინდეს, რამდენად იქონია ეკონომიკის გახსნამ ნეგატიური ან პოზიტიური შედეგი.
„როცა საკმარისი დრო გავა და გავიგებთ, რა შედეგი გვაქვს, შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო“ - ამბობს ნათია თურნავა.




























