მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილებაა - თურნავა

619e11e264220
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.21 14:28
582
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ რესტორნებისთვის ოპერირების საათობრივი შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 2 მიზანს ემსახურება: პირველი - მოქალაქეთა ვაქცინაციისთვის წახალისება, ხოლო მეორე - რესტორნების ფინანსური მდგრადობაა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„საკოორდინაციო საბჭომ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ კი სარესტორნე ბიზნესს ეხება.

პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულების პარალელურად სარესტორნე ბიზნესს ღამის საათების შეზღუდვა მოეხსნება, რაც აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება ორი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ერთი - ის უპირატესობაა, რაც მწვანე სტატუსის მქონე ადამიანს უნდა გააჩნდეს, რაც მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანს არ გულისხმობს და ის მოიცავს ასევე ან კოვიდ გადატანილ ან კოვიდ-ტესტ ჩატარებულ პირს, რომელიც იმ მომენტში რაიმე საფრთხეს გარშემომყოფთათვის არ წარმოადგენს. რა საკვირველია, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ასეთი ადამიანების ზოგადად სოციუმში აქტივობასთან დაკავშირებით, მათ უპირატესობა უნდა ჰქონდეთ, არამწვანე სტატუსის მქონე ადამიანებთან შედარებით, ერთ-ერთია ნებისმიერ დროს შევიდნენ რესტორანში და კაფეებში. ეს იქნება მეტი მოტივაცია, რომ აიცრან და შეიძინონ მწვანე სტატუსი. მეორე სიკეთე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება - ეს სარესტორნე ინდუსტრიის ფინანსურ მდგრადობას შეეხება. ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ამ სექტორში.

როდესაც შემოდის რეგულაცია, რომ მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ადამიანები უნდა შევიდნენ რესტორანში, ეს ზღუდავს იმ წრეს, ვინც შეიძლება იყოს მომხმარებელი, მაგრამ ეს სრულად კომპენსირდება იმ შესაძლებლობით, რომ უფრო დიდხანს იმუშაოს რესტორანმა და არ შეზღუდოს თავისი მომხმარებელი. ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგად იმუშავებს და სარესტორნე ინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს, სერიოზული პრობლემებს არ შეუქმნის, ვის შემოსავლებზეც ჩვენ ვზრუნავთ“, - განაცხადა თურნავამ.