მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეცესია გერმანიაში, აქტივობის ზრდა აშშ-ში და გაუარესება ჩინეთში - IMF-ის გლობალური პროგნოზი

მარაქეში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მარაქეშში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მიმოხილვა განაახლა. ფონდი წელს გლობალურად კვლავ 3%-იან ზრდას მოელის, თუმცა ივლისის პროგნოზისგან განსხვავებით შეცვლილია გადანაწილება, კერძოდ, გაუმჯობესებულია ზრდის პროგნოზები აშშ-ში, ხოლო ჩინეთსა და ევროზონაში კი მოლოდინი გაუარესებულია. 

სავალუტო ფონდი მოელის, რომ წელს აშშ-ის ეკონომიკა 2.1%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია. ასევე გაზრდილია მოლოდინი 2024 წლისთვის და ის 1%-ის ნაცვლად 1.5%-ს შეადგენს. 

ჩინეთში მოსალოდნელია ზრდის შენელება, სავალუტო ფონდის მოსაზრებით წელს ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 4.5%-ის ნაცვლად კი 2024 წელს ჩინეთის ზრდა 4.2%-ზე არის ნავარაუდევი. 

გაუარესებულია რეცესიის მოლოდინი გერმანიაში. 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში სავალუტო ფონდი ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში 0.3%-იან ვარდნას მოელოდა, ახალი პროგნოზით კი გერმანიაში რეცესია წელს 0.5% იქნება. 

გერმანიისგან განსხვავებით პოზიტიური მოლოდინებია საფრანგეთში, რომლის ეკონომიკაც წელს სავარაუდოდ 1%-ით გაიზრდება, ეს წინა პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია. 

გაუმჯობესებულია ზრდის მოლოდინი დიდ ბრიტანეთში და ის 0.4%-ის ნაცვლად 0.5%-ს შეადგენს. 

საპირისპირო მიმართულებით გადახედა სავალუტო ფონდმა კანადის ეკონომიკური ზრდის მოლოდინს და ის 2023 წლისთვის 1.7%-ის ნაცვლად 1.3%-ს შეადგენს. 

შემცირებულია იტალიის ეკონომიკური ზრდის მოლოდინიც. სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ იტალიაში წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 0.7% იქნება, რაც წინა მოლოდინთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 

IMF-ის თანახმად, წელს ინდოეთის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია, 2024 წელს კი ნავარაუდევი ზრდა უცვლელია და კვლავ 6.3%-ს შეადგენს. 

ასევე გაუმჯობესებულია ზრდის მოლოდინი რუსეთშიც. სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკა წელს 2.2%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია. 2024 წლისთვის კი რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1.3%-ის ნაცვლად, 1.1%-ზე არის ნავარაუდევი. 

გაუმჯობესებაა ბრაზილიაში, სადაც ზრდა წელს სავარაუდოდ 3.1% იქნება (მატება წინა პროგნოზთან 1 პ.პ.), ასევე გაუმჯობესებაა მექსიკის ეკონომიკასთან დაკავშირებითაც, სადაც წელს 3.2%-იანი მატებაა მოსალოდნელი (მატება წინა პროგნოზთან 0.6 პ.პ.)

რაც შეეხება საქართველოს, IMF-ი წელს საქართველოში 6.2%-იან ზრდას მოელის. შედარებისთვის აპრილის ანგარიშით, ფონდი წელს ქვეყანაში მხოლოდ 4%-იან ზრდას მოელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები