ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია მინისტრმა რევაზ სოხაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე და შესაძლო პროექტებზე, რაც ქალაქის განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი ფუნქციური სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს.
"მინისტრი, პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო ტერიტორიის განვითარების პოტენციალს და გამართა სამუშაო შეხვედრა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არაა, რა შესაძლო პროექტები განიხილება ადგილზე. BM.GE დეტალების გარკვევას უწყებაში შეეცდება.
ცნობისთვის, ქალაქ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიზნით ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ბოლო ორ ტენდერში გამარჯვებულები გასულ თვეში გამოვლინდა.
ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა. 2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ GITA აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხურ კომპანია TUMO-ს სასწავლო ცენტრის მოწყობაში €1.8 მილიონს გადაუხდის.