ეკონომისტი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ აქტივებში გადატანა დასავლეთიდან ჩამოშორების გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
"ეროვნული ბანკს რეზერვების ნაწილი ჩინეთში გადააქვს. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს უფლება ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან დადებული შეთანხმებით მოიპოვა. ამ განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რეზერვების დივერსიფიკაციას და რისკების დაზღვევას.
რა ნიშნავს მარტივად ეს? რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამეორებას. რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტებში რაც ჰქონდა გაეყინა და იმ ქვეყნებში არც სურვილი ექნება განთავსების და არც ამის უფლებას მისცემს ვინმე.
ყველა ნაბიჯი, რაც “ოცნებამ” გადადგა ბოლო წლებში, არის რუსული კანონებისა და ქმედებების პირდაპირი კოპირება. ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია", - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სებ-მა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე მოიპოვა წვდომა, რის შედეგადაც სებ-ს ჩინური ფასიანი ქაღალდების შეძენა და რეზერვების ნაწილის ჩინურ აქტივებში გადატანა შეეძლება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების ზრდას შეუწყობს ხელს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული, როგორც ვალუტების, აგრეთვე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის კუთხით. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს რეზერვების მართვის დივერსიფიკაციას. ასევე ეტაპობრივად გაგრძელდება საბაზრო გარემოსა და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული ახალი ბაზრების ათვისება“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში საკუთარ გამოცდილებას კერძო და საფინანსო სექტორს გაუზიარებს, რათა ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ჩინეთის ფასიან ქაღალდებში განთავსებული არ ყოფილა. არსებული მდგომარეობით, სებ-ის $6.3-მილიარდიანი რეზერვების უდიდესი ნაწილი აშშ დოლარში ნომინირებულ აქტივებშია განთავსებული, ასევე თანხა განთავსებულია მონეტარულ ოქროში; ევროში; SDR-სა და კანადურ დოლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებში.




























