თავდაცვის ინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა, Rheinmetall-მა განაცხადა, რომ ის “შესანიშნავ ფორმაშია, რათა ირანთან ომის გამო დახაჯრული სარაკეტო მარაგები აშშ-ის არმიას დროულად შეუვსოს”.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავების მიწოდება მომდევნო თვეებში ფირმის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
Rheinmetall-ის პროგნოზით, ირანსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, 2026 წელს კომპანიის გაყიდვები შესაძლოა 45%-ით გაიზარდოს და €14-დან €14.5 მილიარდამდე ევროს მიაღწიოს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ამინ პაპეგერის განცხადებით, საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო აღჭურვილობის მარაგების შევსებაზე სახელმწიფო ხარჯების ზრდა „გარდაუვალია“. Rheinmetall-ი მოელის, რომ მისი შეკვეთების პორტფელი მიმდინარე წელს გაორმაგდება და რეკორდულ €135 მილიარდ ევროს მიაღწევს. პაპეგერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მოვლენათა სწრაფი ცვლილების მიუხედავად, Rheinmetall-ი ვითარებასთან მოსარგებად სრულიად მზადაა და აპირებს, მოკავშირე სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს 21-ე საუკუნის საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია მიაწოდოს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საჯარო განცხადებების პარალელურად გერმანულმა გიგანტმა 2025 წლის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა. კონკრეტულად, Rheinmetall-ის შემოსავალი წლიურ ჭრილში 29%-ით გაიზარდა და €9.94 მილიარდი ევრო შეადგინა და მცირედით ჩამორჩენა ანალიტიკოსების €10.53-მილიარდიან მოლოდინს. კომპანიის საოპერაციო მოგება €1.68 მილიარდი ევრო იყო, ხოლო საოპერაციო მარჟა 18.5%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა ჯავშანტექნიკის წარმოების მიმართულებით, საიდან მიღებული შემოსავალიც 32%-ით გაიზარდა და €4.99 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო იარაღისა და ტყვია-წამლის გაყიდვებმა 27%-იანი მატება დააფიქსირა და €3.53 მილიარდს მიაღწია.
მიუხედავად ოპტიმისტური გეგმებისა, Rheinmetall-ის აქციების ფასი ოთხშაბათს დილით 5.2%-ით დაეცა, რადგან ინვესტორებს მისი ფინანსური შედეგების მიმართ უფრო დიდი მოლოდინები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, კომპანია დივიდენდის გაზრდას ერთ აქციაზე €11.50 ევრომდე გეგმავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კომპანია უახლოეს წლებში გაცილებით უკეთეს შედეგებს დადებს, რადგან ევროპული მთავრობების მიერ თავდაცვის ხარჯების 5%-იან ნიშნულამდე გაზრდის დაანონსების ფონზე, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.




























