მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რიგები უნდა გვედგეს და ათ ფილმს თუ არა, უცხოელები საქართველოში რამდენიმეს მაინც უნდა იღებდნენ”

6140e175696f7
მარიამ ადამია
14.09.21 21:51
1014
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა "ფორსაჟი 9"-ს უკვე და პანდემიის პერიოდში გამოსული ჰოლივუდური ფილმებიდან რეკორდიც კი მოხსნა, როგორც ნახვების, ასევე შემოსავლების კუთხით. თუმცა, მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ უფრო მეტ შედეგს ვნახავთ, რადგან ინტერესი და ცნობადობა ფილმის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით აშშ-დან.

“ეს იყო პირველი მასშტაბური კინოწარმოება ქვეყანაში, რაც გამოიწვევს მასობრივად სხვა კინოკომპანიების დაინტერესებას. მათთვის საქართველო ჯერ კიდევ არ არის სრულად აღმოჩენილი, ამიტომ პერსპექტივები დიდია, მაგრამ არის მთელი რიგი გამოწვევებიც. მაგალითად, პროგრამის “გადაიღე საქართველოში”, წელიწადნახევრიანმა შეჩერებამ, თავისი შედეგი გამოიღო და რეალურად ფილმი ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაღებულა ქვეყანაში, მაშინ როცა რიგები უნდა გვედგეს და ათი ფილმის თუ არა, რამდენიმე ფილმს მაინც უნდა იღებდნენ კინომწარმოებლები,” - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში კინო წარმოების კუთხით კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, მათ შორის უმთავრესია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

“ჩვენთან მსგავსი პროექტები აქამდე არ ყოფილა და ლოკაციებზე გადაღების ნებართვის გაცემის სისტემა არ არსებობდა, ასევე არ გვაქვს რეკვიზიტების აღრიცხვიანობის სისტემა, რომელიც კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. ნელ-ნელა უნდა შეიქმნას საქართველოში ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ბაზაც, იგივე პავილიონების კუთხით, რადგან როგორც გადაღებაა მნიშვნელოვანი, ასევე გადაღების შემდგომი მომსახურებაც, იქნება ეს ფერების დასმა, გახმოვანება თუ მუსიკის ჩაწერა. აუცილებელია საჯარო ბიუროკრატიის ღიაობა, რადგან ბევრი ნებართვა შეიძლება გახდეს საჭირო, ხშირია სპონტანურობაც, ამიტომ ყველა საჯარო უწყება უნდა იყოს გახსნილი და რეაგირება უნდა მოხდეს სწრაფად. თუკი მოხდება შეფერხება, ან დაგვიანდება პასუხი, ამან სერიოზულიო ზარალი შეიძლება გამოიწვიოს კინო-კომპანიისთვის, ამიტომ ისინი ფრთხილობენ და არჩევენ ქვეყანას, სადაც ყველა ფაქტორი გათვალისწინებულია,” - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, თავიდან არავის სჯეროდა რომ ჰოლივუდი საქართველოში ფილმს გადაიღებდა, მაგრამ დღეს გვაქვს კონკრეტული მაგალითები და ახლა ამ შედეგების კაპიტალიზაცია უნდა გავაკეთოთ და მეტი კინომწარმოებელი დავაინტერესოთ საქართველოთი.

შეგახსენებთ, რომ "ფორსაჟის" გადაღების დროს საქართველოში ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც გადანაწილდა ხელფასებზე, განთავსებასა და კვებაზე, ლოჯისტიკაზე, რეკვიზიტებში და ჩაიშალა ეკონომიკაში, რამაც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. გარდა ამისა, თითქმის ათასი ადამიანი დატრენინგდა და A კლასის ფილმზე მუშაობის დიდი გამოცდილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები