ეს ღრმა ეკონომიკური კრიზისის დასაწყისია - ასე აფასებს EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი შვედეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეწყვეტის გადაწყვეტილებას და დასავლეთთან გაუარესებულ ურთიერთობებს.
როგორც ნინო ევგენიძემ BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში განვითარებული ანტიდასავლური პროცესების ფონზე, უკვე არაერთმა ქვეყანამ შეუჩერა საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება და პროცესების ასე გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება.
„შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა მოცულობით მესამე ადგილზეა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში იღებდა. შვედეთის განცხადებით ცხადი გახდა, რომ ისინი ყველანაირ კავშირს წყვეტენ საქართველოს ხელისუფლებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიყინება ის უამრავი დახმარებები, რასაც ხელისუფლება იღებდა. სავარაუდოდ, რიგში ჩადგებიან სხვა ქვეყნებიც და მოგეხსენებათ, რომ აშშ-ს მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი დახმარებები უკვე გაუჩერა. მე ვფიქრობ, რომ ეს ღრმა ეკონომიკური კრიზისი დასაწყისია და აუცილებლად მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს. შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ბევრი დარღვევა იყო.
მისი თქმით, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა საქართველოს ევროპასთან დაახლოების შეჩერებას ცდილობს და ამას შედეგი უნდა მოჰყვეს.