„ოპოზიციით კმაყოფილი არავინაა - არც მე და არც მოსახლეობა...“ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის და თავის შეფასებას განმარტავს. „მთავარ არხთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ ოპოზიცია სხვა რამისთვის ემზადებოდა და არა ქუჩის აქციებისთვის.
„ყველამ ვიცით, იმიტომ რომ ოპოზიცია სხვა რამისთვის იყო მომზადებული, ქარტიის ირგვლივ, ზუსტად ვიცოდით რა სამოქმედო გეგმა იყო, რა კანონები იყო მისაღები, როგორ უნდა წავსულიყავით იმ შემდეგ ახალ არჩევნებამდე, ბოლომდე შეთანხმება არ იყო, მაგრამ იქამდე მივიდოდით, ამის პირობას გაძლევთ... ამისთვის იყო მომზადებული ოპოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, მრავალფეროვანია და არა წინასწარ შეთანხმებული, რაც კარგია, რადგან ეს არის დემოკრატია. ჩვენ 33 წელია ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, რაღაც გამონათებების გარდა, რაც დიდხანს არ გაგრძელდა - თუნდაც „ოცნების“ საწყისი პერიოდი“, - განმარტავს ზურაბიშვილი და დღეს შექმნილ ვითარებას „რთულ მომენტს“ უწოდებს.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილურობა ახალ არჩევნებზე გადის, სადაც „ოცნება“ თავის კუთვნილ ხმებს მაინც მიიღებს.
„ეს ძალიან რთული მომენტია. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვთ, იმ საქმეში იყვნენ ერთად, რაც პოლიტიკური პარტიის პირველი დანიშნულება არ არის. ისინი ქუჩის პროტესტის სამართავად არ ემზადებოდნენ. ემზადები არჩევნებისთვის, იმისთვის რომ პარლამენტში პოლიტიკურად მიიღო მონაწილეობა და კანონები მიიღო, ამ საქმისთვის მზად ხარ და უცებ უნდა გამართო ქუჩის აქციები. კოორდინაცია მეტი უნდა იყოს. ეს ხალხის მოთხოვნაა. მეტყვით რომ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხს უნდა მოუსმინონ. როდესაც ქვეყანა ღრმა კრიზისშია არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია. კიდევ ერთი, უკიდურესი ვარიანტია, რომ ჩაგვაბარონ რუსეთს... არ მინდა ვიფიქრო, რა მოხდება ამ ქვეყანაში თუ იქ მიგვიყვანეს, რაც რუსეთისთვის ჩაბარება ნიშნავს. მეორე გამოსავალი - სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი ახალი არჩევნებია, რომელიც არ გულისხმობს, რომ ოცნება უცებ გადავარდება და დაიჭერენ და აღარ იქნება. ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ თავიანთ კუთვნილ რაღაცას [ხმებს] მიიღებენ. ქვეყნის სტაბილურობა ახალ არჩევნებზე გადის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.