მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზის ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის გასხვისება აიკრძალება - კანონპროექტი

მატარებელი რკინიგზა

მთავრობა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფოს მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების გასხვისება აიკრძალება.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად წარედგინა. ცვლილებების ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზანია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ შენარჩუნება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაგისტრალური სარკინიგზო ქსელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები.

ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელი იქნება. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევა იქნება, თუ ქონება სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შევა.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს „მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის“ ცნებას. ახალი ჩანაწერის მიხედვით, ასეთად ჩაითვლება ლიანდაგი, რომელიც სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებს, რკინიგზის სადგურებს ან საზღვაო ნავსადგურებს შორის ტვირთისა და მგზავრების გადაყვანას ემსახურება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამჟამად აღნიშნული ინფრასტრუქტურა „საქართველოს რკინიგზისა“ და „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ საკუთრებაშია, რომელთა 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამ კომპანიებს ინფრასტრუქტურის გასხვისების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ახალი რეგულაცია ამ შესაძლებლობას შეზღუდავს, რათა სტრატეგიული აქტივი მომავალშიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დარჩეს.

კანონპროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში მთავრობამ უნდა დაამტკიცოს მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების ნუსხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები