მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზის მიერ ბათუმში ₾60-მილიონიანი ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი კიდევ ჩაიშალა

აუქციონი

საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის - "ჯიარ ქონების მართვის" მიერ ბათუმში საპრივატიზაციოდ გამოტანილი უძრავი ქონება ვერც განმეორებით აუქციონზე ვერ გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანახმად, სამ ლოტზე, რომელთა ფართობიც საერთო ჯამში 107,586 კვადრატულ მეტრს შეადგენდა გამოცხადებული იყო 59,712,497 ლარის საწყისი ღირებულების აუქციონი, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო, რის გამოც ის უშედეგოდ დასრულდა. აუქციონში ერთი კვადრატული მეტრის საწყისი ფასი 555 ლარს, ანუ 206 დოლარს შეადგენდა.

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გამოცხადებული წინა აუქციონი ასევე უშედეგოდ დასრულდა, მაშინაც საწყისი ფასი 59,712,497 ლარს შეადგენდა.

უძრავი ქონება თამარ მეფის გამზირზე, ნომერ 15-ში მდებარეობს. ტერიტორიას "ბათუმის სატვირთო ეზო" ეწოდება და ის წარსულში ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციას ატარებდა. მიწას საქართველოს რკინიგზის უძრავი ქონების მართვის კომპანია "ჯიარ ქონების მართვა" ფლობს.

ამასთან, ამ სამი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ოქტომბერში იყიდებოდა 18,931 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც მაშინ გამოცხადებულ აუქციონში 13.6 მილიონ ლარად გაიყიდა. მესაკუთრის ცვლილებაც უკვე აისახა საჯარო რეესტრში, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთი საყოფაცხოვრებო ელექტრონიკით მოვაჭრე კომპანიამ შპს "კორეან ელექტრონიკსმა" შეიძინა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი ბიზნესმენი გიორგი ქიძინიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები