საქართველოს რკინიგზა ითხოვს $17 მილიონი დოლარის კონტრაქტის გაფორმებისთვის სამთავრობო ნებართვას, რაც კომპანიას უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოების სამუშაოების დასრულებისთვის ესაჭიროება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტის დასრულებისთვის საჭიროა ჯერ კიდევ 2017 წელს აშენებული 8.3-კილომეტრიანი გვირაბის უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი და გამართვა, რასაც 17 მილიონი დოლარი ესაჭიროება. ამ სამუშაოების გარეშე ახალ მაგისტრალზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ სატვირთო მატარებლების მოძრაობა, ხოლო მათი დასრულების შემდეგ კი სამგზავრო მატარებლებიც ივლიან.
საქართველოს რკინიგზა მოდერნიზაციის პროექტს 2011 წლიდან ახორციელებს და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს არსებული სარკინიგზო ხაზის ალტერნატიული - თანამედროვე სტანდარტების ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს და ტვირთბრუნვას. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 წლის შემდეგაც, ის სრულყოფილად დასრულებული არაა. პროექტის ფარგლებში სატვირთო მატარებლების მიმოსვლა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში დაიწყება, ხოლო სამგზავრო მატარებლებისთვის ხაზი 2025 წლის ნოემბერში გაიხსნება.
ახალი სარკინიგზო მონაკვეთის ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა წლების წინ დასრულდა, აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობა მოელოდა, რომ პროექტი მატარებლების გატარებას 2024 წლის ნოემბრიდან შეძლებდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ უსაფრთხოების სისტემების მონტაჟის გამო პროექტი სამგზავრო მატარებლებისთვის 2025 წლის ნოემბერში გაიხსნება.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალი მონაკვეთის გახსნა შესაძლებელს გახდის სამგზავრო მატარებლების მოძრაობის სიჩქარე არსებული 80 კმ/სთ-დან 120 კმ/საათამდე გაიზარდოს, ხოლო უშუალოდ უღელტეხილის ახალ მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე 50 კმ/სთ-დან 80 კმ/სთ-მდე გაიზრდება. შედეგად, საქართველოს რკინიგზის წლიური ტექნიკური გამტარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება, სატვირთო მატარებლების მიმოსვლა ხაზზე უფრო მალე დაიწყება ვიდრე სამგზავრო მატარებლების მოძრაობა.
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამშენებლო კონტრაქტორია ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელთანაც სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა და მისი ღირებულება 249 მილიონ შვეიცარიული ფრანკია. პროექტს ტექნიკურ ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF და გერმანიის სახელმწიფო რკინიგზა (Deutsche Bahn) უწევენ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 17 მილიონი დოლარით კონტრაქტორმა კომპანიამ - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ 8.3-კილომეტრიან, #9 გვირაბში შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს:
- სახანძრო-სამაშველო მოდულის შეძენა და მისი სტრატეგიული განთავსება უახლოეს სადგურში.
- გვირაბის ვენტილაციის სისტემის მონტაჟი.
- უსაფრთხო არეალის შექმნა გვირაბში, რაც გულისხმობს 27 გასასვლელის ამოშენებას ცეცხლგამძლე მასალით ორივე მხრიდან.
- სპეციალური კარებების მონტაჟი 54 სტრატეგიულ წერტილში.
- ხანძარსაწინააღმდეგო პუნქტების მოწყობა გვირაბის პორტალებთან.
- მრავალფეროვანი განათების სისტემების ინსტალაცია.
- საევაკუაციო ნიშნების განთავსება.
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.
- კვამლის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაცია.
- ავარიული რადიოკავშირის სისტემის მოწყობა.
- ცენტრალიზებული მართვის სისტემების დანერგვა.
ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მოიცავს დამატებით კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია გვირაბის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად.
პროექტის მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ოქტომბრის #1545 განკარგულებით, საქართველოს რკინიგზას ეთხოვა მე-9 გვირაბში ჩასატარებელი უსაფრთხოების სისტემის მონტაჟისთვის/მშენებლობისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება არაუგვიანეს 2025 წლის 16 ნოემბრისა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში აშენებული გვირაბებია:
- IX გვირაბი - სიგრძე 8300 მ - სწორედ ამ გვირაბის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება პროექტის დასრულების ვადის 2025 წლის ნოემბრამდე გადაწევა.
- VIII გვირაბი - სიგრძე 1130 მ
- VII გვირაბი - სიგრძე 2150 მ
- XI გვირაბი - სიგრძე 860 მ
- XII გვირაბი- სიგრძე 1095 მ
- X გვირაბი - სიგრძე 975 მ