სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორის, გია ლომინაძის განცხადებით, კომპანიისთვის ძირითად გამოწვევად კადრების დეფიციტი რჩება.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სამკერვალო კადრების საჭიროების შემცირებას ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს. ამ მიმართულებით კომპანიამ უკვე დახარჯა ნახევარ მილიონ დოლარამდე ავტომატიზებული დაზგებისთვის, ასევე რობოტებისთვის, რომლებსაც პროდუქცია საწარმოს შიგნით გადააქვთ.
„მუშახელის პრობლემა საკმაოდ დიდია და ამიტომ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ დანადგარები, რომლებიც შეამცირებს მუშახელის საჭიროებას. გარკვეული დანადგარები გვაქვს, რომლებიც ავტომატურად ჭრის ქსოვილებს, ასევე საწარმოს შიგნით მოძრავი რობოტები, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ მაგალითად საწყობიდან ბრიგადაში გადაიტანონ შესაკერი პროდუქტი და შემდეგ, შეკერილი პროდუქცია წაიღოს საწყობში. უშუალოდ რობოტების ნაწილში ინვესტიცია დაახლოებით 200 000 დოლარი იყო“, - ამბობს გია ლომინაძე.
„აჭარა ტექსტილი“ და „ქართლი ტექსტილი“ ამჟამად 4000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. გია ლომინაძის თქმით, კომპანიას დამატებით 500-დან 1000 ადამიანის დასაქმების რესურსი აქვს.
„მზად ვართ, რომ დამატებით დაახლოებით 500-დან 1000-მდე ადამიანი დავასაქმოთ. საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია, ხელფასს ყოველწლიურად ვზრდით ინფლაციაზე მეტი ოდენობით, წელსაც გაიზრდება“, - ამბობს გია ლომინაძე.
“აჭარა ტექსტილი" ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Puma, Adidas და ა.შ. კომპანიის დირექტორის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამკვეთების რაოდენობის ზრდაზე. მისი მოლოდინია, რომ სამკერვალო საწარმო სტაბილურად გააგრძელებს მუშაობას.
„[შეკვეთების] დიდი ცვლილება არ გვაქვს, მაგრამ სტაბილურად არის ზრდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარეობს მუშაობა, შესაძლებელია, რომ ახლო პერიოდში ახალი დამკვეთებიც დაგვემატოს“,- აღნიშნა გია ლომინაძემ.
“აჭარა ტექსტილი” 2008 წელს თურქულმა აჯეკა ჰოლდინგმა დააფუძნა. მისი ნაწილია სამკერვალო საწარმო რუსთავში, "ქართლი ტექსტილი", რომლის მშენებლობისთვის 2020 წელს, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხი იყო.