მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როცა ლარი ფუნდამენტური ფაქტორების გამო უფასურდება ან მყარდება, სებ–ის ჩარევას აზრი არ აქვს – კობა გვენეტაძე

624437dfbcdb0
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 17:40
1369
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხეს - რა იწვევს ეროვნული ვალუტის - ლარის რყევას, რაზეც კობა გვენეტაძემ უპასუხა, რომ ლარის ცვალებადობაზე - გამყარება/გაუფასურებაზე ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები ახდენს გავლენას.

მან ბოლო პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ლარის გაუფასურების ფაქტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში არსებულმა მდგომარეობამ ქვეყნის მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე ასახვა ომის პირველივე დღეებში იქონია.

"როდესაც ჩვენ დღევანდელ გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან დიდი ტრაგედია და გამოწვევაა - ეს ომია – და შეუძლებელია, რომ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესება არ მოხდეს.

რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. როდესაც ამ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ეს პირდაპირი არხებით გადმოგვეცემა. იქნება ეს ექსპორტიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები თუ ფულადი გზავნილები ამ ქვეყნებიდან.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ბაზრის მონაწილეების მოლოდინები უარყოფითისკენ შეიცვალა და პოზიციების ცვლილება მაშინვე დაიწყეს. გაცვლითი კურსიც სწორედ ამ მიზეზით გაუფასურდა. ამ პერიოდში ძალიან ბევრ ქვეყანაში გაუფასურდა ვალუტები“, - განაცხადა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა დარგის ექსპერტებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა, მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლზე ისაუბრა.

„როდესაც ლარზე საუბრობენ ექპერტები, ყოველთვის დროის მოკლე მონაკვეთზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც შეცდომაა და კომპეტენტური ანალიზის პერიოდში ასე არ უნდა მოხდეს. ყოველთვის უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში და შეფასება ასე უნდა გავაკეთოთ.

გარკვეული პერიოდის მერე, როდესაც იმ მოლოდინების და ინფორმაციის გადამუშავება მოხდა ვალუტებმა, ქართული ლარის ჩათვლით გამყარება დაიწყეს.

ხშირად გამიგია, რომ "ეროვნულ ბანკს ინტერვენციის თავიდანვე გაკეთება შეუძლია და ამის შემდეგ კურსის ცვლილება აღარ მოხდება". ეს მოსაზრება ძირშივე მცდარია. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი შეეწინააღმდეგება ვალუტის გაუფასურებას თუ გამყარებას, რომელიც მოაქვს ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებს, ეს აბსოლუტურად არანაირ შედეგს არ მოიტანს. ამის შედეგი რეზერვების ფუჭად გამოყენება იქნება და სავალუტო კურსი მაინც მივა იქ, სადაც უნდა მისულიყო. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაცვლით კურსს ჰქონდეს თავისუფლად მოძრაობის საშუალება. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი დროდადრო ერევა სიტუაციაში, თუმცა ის არასდროს ეცდება შეცვალოს ლარის გაცვლით კურსის ის მიმართულება, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები მიუთითებენ. სებ-ი ეცდება, რომ შეარბილოს ასეთი რყევები, მაგრამ მიმართულების შეცვლა არ მოხდება. ასეთი მიდგომა განაპირობებს იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სიტუაციის უფრო ნათლად დანახვა მოხდება, კურსი კვლავ დაიწყებს მოძრაობას იქით, სადაც მისი წონასწორობის წერტილია და ეს წერტილიც არ არის ერთ ადგილას, ისიც მოძრაობს“, - განმარტა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები