მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როცა პატარა სახელმწიფოს ამდენი დავა აქვს ინვესტორთან, ეს პრობლემაა“, - კახა შარაბიძე

63ecd8f94fbbc
მარიამ დემეტრაშვილი
16.02.23 09:03
1168
იურიდიული კომპანია BLB-ს დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, კახა შარაბიძემ გადაცემაში „საქმის კურსი“ სახელმწიფოს მიერ წაგებულ საარბიტრაჟო დავებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს პატივი უნდა სცეს ყველა მხარემ, განსაკუთრებით კი სახელმწიფომ. შარაბიძე ამბობს, რომ სახელმწიფო მოხელის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელშეკრულების დარღვევის უფლება აქვს.

„როცა ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, პატივი უნდა სცე მის პირობებს და ის შეასრულო. მაშინაც კი, როცა დრო გავა და შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო მოხელე ან პოლიტიკა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულების დარღვევის უფლება გვაქვს. ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პირობებს პატივი უნდა სცეს ყველა მხარემ და განსაკუთრებით, სახელმწიფომ. შენ თუ არ გაქვს რეპუტაცია, რომ შენ ხელშეკრულების პირობებს ასრულებ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია ბიზნესში.

აქ, ჩვენთან ხშირად არის ხოლმე ისეთი სიტუაცია, როცა რამდენიმე წლის მერე იცვლება ვითარება, ვიღაცას არ მოსწონს მანამდე დადებული ხელშეკრულება და გადაწყვეტენ, რომ არ შეასრულონ, ან უბრალოდ შეწყვიტონ. ხშირად ეს არის ხოლმე მთავარი პრობლემა. საქართველო სახელმწიფოა და არა რომელიმე პიროვნება, ან ამა თუ იმ დარგის ახალი წარმომადგენელი. სახელმწიფო ყოველთვის რჩება ხელშეკრულების მხარედ და მან პატივი უნდა სცეს ხელშეკრულების პირობებს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა“, - თქვა კახა შარაბიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს წარმომადგენლებს, რომლებიც საარბიტრაჟო დავებში მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხშირად არ აქვთ კერძო ბიზნესის გამოცდილება, რაც უპირატესობას ანიჭებს მაგიდის მეორე მხარეს მყოფ ინვესტორს.

„როცა პატარა სახელმწიფოს ამდენი დავა აქვს ინვესტორთან და რაღაც საერთო მახასიათებლებიც იკვეთება ( მაგალითად, პატივი არ სცა თავისსავე ვალდებულებას და არ შეასრულა), ეს არის პრობლემა. ასეთ დროს ხელშეკრულების სანდო მხარის იმიჯსა და რეპუტაციას კარგავს სახელმწიფო“, - თქვა კახა შარაბიძემ.

შეგახსენებთ, საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები