მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ქვეყანაში ამხელა ფართობის მიწები რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით, ეს უკვე საფრთხის შემცველია - თამარ კორძაია

646f546d49574
BM.GE
26.05.23 20:35
652
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 26 აპრილამდე ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 8872 მოქალაქე დარეგისტრირდა; წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიულ პირში. ამის შესახებ რეესტრის მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

გარდა ამისა, რაც შეეხება მონაცემებს საცხოვრის შეძენასთან დაკავშირებით, ბოლო 6 თვეში რუსეთის 4 ათასამდე მოქალაქემ იყიდა ბინა. კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის 3 878 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 4 745 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე. 886 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 829 მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 118.213 კვ.მ-ს.

ამასთან, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 265.049 კვ.მ; ამავე პერიოდისთვის შენობა-ნაგებობებიანი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 209.600 კვ.მ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ იმ რისკებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რაც ზემოთაღნიშნულ სტატისტიკას შეუძლია გამოიწვიოს:

„თავისთავად რიცხვები დიდს არაფერს გვეუბნება, მაგრამ როცა ჯამურად, ქვეყანაში ამხელა ფართობის მიწები ეკუთვნით რუსეთის მოქალაქეებს, ეს უკვე საფრთხის შემცველია. ეს იმ ფონზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისება შეაჩერა. როგორ ხდება, რატომ ხდება და ა.შ. ძალიან ბევრი შეკითხვაა ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ბევრი სპეკულაცია დაიწყოს ხელისუფლებამ, რომ ესენი არიან რუსულ რეჟიმს გამოქცეულები და ა.შ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, იქ არის პუტინის რეჟიმი და მან შეიძლება ინსტრუმენტად გამოიყენოს მის რეჟიმს გამოქცეული მოქალაქეებიც. ამიტომ ეს არ არის არგუმენტი. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც უკრაინაში გააკეთა რუსეთმა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დეპუტატი საგანგაშოდ მიიჩნევს სამეწარმეო სუბიექტების საკითხს. „როცა ჩვენ ვსაუბრობთ საბანკო გადარიცხვებზე და რუსული ფულის ბრუნვაზე საქართველოში, თავის დროზე, ეროვნულმა ბანკმა ძალიან სერიოზული პასუხები გამცა ამ ყველაფერზე, ამერიკელები და ევროპელები ადასტურებენ, რომ ფინანსური ტრანზაქციები არის სუფთა, მაგრამ პრობლემური არის სამეწარმეო ურთიერთობა, რომელიც არსად არ ჩანს. შემოსავლების სამსახურიდან გამოვითოვე დეტალური ინფორმაცია, თუმცა პასუხები ვერ მივიღე. მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის“, - განაცხადა კორძაიამ და განმარტა, რომ ინფორმაციის მიღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მონაცემებს არ გაასაჯაროებდა, მხოლოდ იმას იტყოდა, ვითარება რამდენად საგანგაშოა. 

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რა უნდა დაუპირისპიროს ამ ყველაფერს, დეპუტატი პასუხობს, რომ საჭიროა მეტი კონტროლი, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია მეწარმეების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები