ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს ეძღვნება, ხელს შეუშლის დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას არამხოლოდ ამერიკიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, რადგან მსგავს ანგარიშს მაღალი ცნობადობა და სანდოობა აქვს. როგორც მან „საქმის კურსში“ საუბრისას განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში შემაშფოთებელია.
„მსგავსი ანგარიშები უცხოელებისთვის არის პირველი წყარო და როდესაც მასში საუბარია ნეგატივზე, ეს ძალიან შემაშფოთებელია. როგორც იცით, ანგარიშებში ყოველთვის ფრთხილობენ და ცდილობენ მაქსიმალურად ნეიტრალურები იყვნენ, ხოლო როდესაც ნეგატივია დაფიქსირებული, ეს იმას ნიშნავს რომ ეს არის უკიდურესი ზომა, ვინაიდან მიაჩნიათ რომ ამ ინფორმაციის გავრცელება უნდა მოხდეს მაქსიმალურად“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, აღნიშნული ანგარიში მთავრობისთვის შეიძლება პირდაპირი სამოქმედო გეგმაც იყოს.
„საჭირო ცვლილებებს და აღქმის შეცვლას წლები სჭირდება და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წელი საერთოდ დავკარგეთ. რეფორმებზე მუშაობა რომ დავიწყოთ და შემდეგ ეს ინვესტორებამდე მივიტანოთ, ამას კიდევ 10 წელი დასჭირდება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი რეფორმები. ანაკლიის პროექტს თუ გავიხსენებთ, ხშირია ინვესტორებთან შეუთანხმებლობა, თუმცა, მნიშვნელოვანია ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს და სამართლიანი“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნესდავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.




























