საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ადვოკატ შალვა შავგულიძის შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან საერთაშორისო ინსტიტუტების დასუსტების მიმართ გამოხატული „აღტკინება“ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველია.
ასე გამოეხმაურა ის სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ ვენეციის კომისიის დატოვების გადაწყვეტილებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებებს. „ვენეციის კომისია პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა, ზუსტად ეს დაადასტურა აშშ-მა, რომელმაც დატოვა კომისია დასაბუთებით, რომ უსარგებლო და ფულის მფლანგველი ორგანიზაციაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა შავგულიძის განმარტებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მსგავს მცირე სახელმწიფოებს სჭირდებათ. მისივე თქმით, ძალის პოლიტიკის გაბატონების პირობებში, პატარა ქვეყნები სუვერენიტეტის დაცვას ვერ შეძლებენ.
ყოფილი დეპუტატის მოსაზრებას BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან ცუდი სანახავია, როგორი აღტკინებით გვამცნობენ ,,ქართული ოცნების’’ ,,გაბედნიერებული’’ წარმომადგენლები თავიანთი პროპაგანტისტული მედია საშუალებებიდან, ტრამპმა ვენეციის კომისია და მასთან ერთად კიდევ 65 (თუ არ ვცდები) საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვაო; რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი ვეღარ ფუნქციონირებსო და ა.შ.
ამ პოსტით მე არ ვაპირებ სამეცნიერო დისპუტის გახსნას იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაოდენ აუცილებელია საერთაშორისო სამართლით დარეგულირებული მსოფლიო წესრიგი, რათა დედამიწაზე კაცობრიობამ არსებობა და განვითარება გააგრძელოს. ამ დასკვნამდე კაცობრიობა მე-20 საუკუნეში გადატანილი ორი მსოფლიო ომის ფასად მივიდა და დაიწყო კიდეც საერთაშორისო წესრიგის დამყარება.
ამ პოსტში მინდა ერთ საკითხზე მივაქცო თქვენი ყურადღება.
თუ ვინმეს სჭირდება საერთაშორისო სამართლით დარეგულირებული და გარანტირებული მსოფლიო წესრიგის არსებობა, ეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებია, რომლებიც, მსოფლიოში ძალის პოლიტიკის გაბატონების შემთხვევაში, ვერ შეძლებენ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას დიდი და ძლიერი სახელმწიფოების აგრესიისაგან, თუ ამ სახელმწიფოებს ამგვარი იმპერიული მადა გაეხსნებათ.
და როდესაც საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოს ხელისუფლებას უხარია საერთაშორისო წესრიგის დასუსტება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება მზად არის რომელიღაც დიდ და იმპერიულ მადაგახსნილ სახელმწიფოს დაუთმოს საკუთარი ქვეყანა, პირადი გამორჩენის მიღების სანაცვლოდ.
ჩვენ შემთხვევაში, ეს ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაა, ხოლო მადაგახსნილი იმპერიული სახელმწიფო, რა თქმა უნდა - რუსეთი”, - აცხადებს შალვა შავგულიძე.




























