მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც მომხმარებელს რესტორანში დაბალი ფასები ხვდება, უნდა დაისვას კითხვა: რა დგას ამის უკან?" - რესტორატორი

რესტორატორი

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ რესტორნებსა და კაფეებში ტრადიციულ კერძებზე ფასების გაზრდა სარესტორნო სფეროში შემოღებული რეგულაციებითაა განპირობებული - ამის შესახებ რესტორატორმა BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

შოთა ბურჯანაძის თქმით, სარესტორნო სფეროში ფასების ზრდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდის შესაბამისი უნდა იყოს, რადგან კერძებზე ფასის რამდენიმე პროცენტიანი ზრდა რესტორნების ხარჯის შეუსაბამოც კია.

"რესტორნებში ფასის ზრდა იწვევს გარკვეულ უთანხმოებას, გაკვირვებას და საზოგადოების განწყობაც უარყოფითისკენ იცვლება. ჩემი მიდგომა ასეთია ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს სარესტორნო სფერო თუ კომუნალური გადასახადები, რომ მთავარია, საზოგადოება იყოს გადახდისუნარიანი. ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, იზრდება თუ არა ხელფასები, რამდენად არის საზოგადოება შესაბამისად მზად ფასების ზრდისთვის, იმიტომ რომ სარესტორნო სფეროში გარკვეული რეგულაციების შემოღების შემდეგ, რომლებიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ისევ ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვისთვის, ფასების ზრდა შეუსაბამოც კია.

რეალურად, ხარჯი შეიძლება უფრო დიდი იყოს, მაგრამ საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება ფასების ზრდას. ეს შეიძლება გამაღიზიანებლად და წარმოუდგენლად ჟღერდეს, როდესაც კიტრი-პომიდვრის სალათი 12 და 14 ლარი ღირს, როგორ შეიძლება ამდენი ღირდეს, მაგრამ მასში არის ჩადებული მომსახურება და რეგულაციები, რომლებიც არის, HACCP-ის სტანდარტები, მომსახურე პერსონალის 8-საათიანი გრაფიკი..." - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორის თქმით, სარესტორნო სფეროში ტურისტული შემოსავლები მცირეა: "ქვეყანაში, რომელიც გვინდა რომ ტურისტული იყოს, ის ფასები, რომლებიც დღეს გვაქვს, ტურისტული შემოსავლისთვის ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი შემოსავალი და ხელფასები იყოს მაღალი, რომ შემდეგ შემოსულმა ტურისტმა 100 დოლარი კი არა, 300 და 400 დოლარი დახარჯოს და უფრო მეტი შემოსავალი შემოიტანოს ქვეყანაში".

ბურჯანაძე ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი დაბალ ფასებს ინარჩუნებს, რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები უნდა გაჩნდეს.

"კითხვის ნიშნები არის, რამდენად იცავს რესტორანი ხარისხს - როდესაც მომხმარებელი რესტორანში შედის და დაბალი ფასები ხვდება, აქ უნდა დაისვას კითხვა, რა დგას ამის უკან, რა ამყარებს ამ დაბალს ფასებს. შეიძლება, რესტორანი არ მუშაობს კანონის დაცვით, თანამშრომლების უფლებებია დარღვეული ან რაღაც სხვა პრობლემა გვაქვს, იმ ინგრედიენტებთან, რომლებითაც კერძი მზადდება, რამდენად სწორადაა შენახული და მოხმარებული", - ამბობს ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ამ სფეროში ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და მომხმარებელი კლებას არ უნდა ელოდოს: "მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ამ ზრდას თან ეწეოდეს და ასწრებდეს ხელფასების ზრდაც".

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 2.2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს მზარდია ფასი ტრადიციულ კერძებზე. მაგალითად, ხინკლის ფასზე რესტორნებში წლიური მატება 12%-ია. გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 4%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში მისი ღირებულება 2%-ითაა გაზრდილი. 11%-ით გაიზარდა ბარში ლურდის ღირებულება, ყავის - 4%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები