ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებაზე საუბრობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან თქვა, რომ კლინიკებს ექნებათ ვალდებულება ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ “ღირსეული” ხელფასი ჰქონდეთ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასის რეჟიმი ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში [რესპუბლიკური საავადმყოფო] საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.
„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ, დაახლოებით, 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე. საპილოტედ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ უკვე გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს. იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
BMG-მ გადაწყვიტა, სამედიცინო სექტორისთვის შესაძლო ახალი ვალდებულების შემოღების თემაზე უფრო მეტი დეტალი გაეგო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით, უცნობია როდიდან იქნება სავალდებულო კლინიკებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნა. სამინისტროს პრესსამსახურში არც ის გვითხრეს, მინიმალური ხელფასის სისტემაზე გადასვლა დღეს მოქმედი ტარიფების პირობებში იგეგმება თუ მხოლოდ ახალ სისტემაზე გადასვლის შემდგომ. ასევე, უცნობია ფორმულა, რომლითაც მინიმალური ხელფასი დადგინდება.
ზურაბ აზარაშვილის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაჟღერებული ინიციატივის შესახებ BMG-მ სამედიცინო სექტორის აზრის მოისმინა.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ამბობს, რომ დარგის წარმომადგენლებს სამინისტროში მინიმალური ხელფასის მოდელი გააცნეს, თუმცა მას ამ სისტემის ამოქმედება დღევანდელი ტარიფების პირობებში წარმოუდგენალდ მიაჩნია.
“ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრაზე ეს საკითხი გაჟღერდა. ვიცი, რომ ამას აპირებენ. ეს აუცილებლად მიბმულია DRG სისტემასთან და ჯერ კიდევ სამუშაოა, კონკრეტულად რა მოდელით ამოქმედდება. ზოგადად, გეგმაში აქვთ მინიმალური ხელფასის დაწესება, თუმცა ეს მოხდება ახალი სისტემის ფარგელებში. კერძოდ, გაიწერება სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასი და დაწესდება ზღვარი, რომლის ქვემოთაც არ უნდა იყოს თანხა გაცემული. რა თქმა უნდა, ეს ახალ ტარიფთან ერთად უნდა გაკეთდეს, რადგან არსებულ მოდელში ვიცით რა პრობლემებიც არის. პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ საათობრივი მინიმალური ანაზღაურების საკითხზეა საუბარი და არა ბაზისურ ხელფასზე. სპეციფიკიდან გამომდინარე, კლინიკებში გრაფიკით მუშაობაა დანერგილი, ამიტომ ფიქსირებულ ხელფასზე ვერ იქნება გათვლა”, - ამბობს მაია მახარაშვილი.
ის იმედს გამოთქვამს, რომ სამედიცინო სექტორი მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხში ჩართული იქნება.
“რას აიღებენ <საორიენტაციოდ> - საარსებო მინიმუმს თუ სხვა რამეს, ასეთი დეტალები ჯერ არ განხილულა”, - ამბობს კლინიკის დირექტორი.
BMG ასევე დაუკავშირდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თუმცა ამ დრომდე მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ.




























