მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რატომ შეიქმნა ევროკავშირი? - გაერთიანების მოკლე ისტორია

ევროკავშირი

ევროკავშირი, თავისი არსით, უნიკალური და საინტერესო პოლიტიკური პროექტია, რომლის სათავე მეორე მსოფლიო ომით გაუბედურებულ ევროპაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ომმა, განადგურებულმა ინფრასტრუქტურამ და დაშლილმა სოციალურ-ეკონომიკურმა ერთობამ გააჩინა ევროპაში უნიკალური ეკონომიკური კავშირის შექმნის იდეა, რომლითაც, ჩანაფიქრის თანახმად, უნდა ესარგებლა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც გაერთიანების წევრი გახდებოდა.

ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერით დაფუძნდა, მაგრამ გაერთიანების ისტორია, რეალურად, 1951 წელს იღებს სათავეს, როცა პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება“ შეიქმნა. იმ დროს, წამოწყებას ექვსი ქვეყანა შეუერთდა: ბელგია, საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, პროექტი იმდენად უნიკალური და, რაც მთავარია, ეკონომიკურად მოგებიანი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წელიწადში, რომის ხელშეკრულების საფუძველზე “ევროპის ეკონომიკური გაერთიანება” დაფუძნდა.

რომის ხელშეკრულება, რეალურად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია, რადგან სწორედ მას უნდა მივაწეროთ საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე შეთანხმება, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი კი, როგორც ცნობილია, საერთო სივრცეში არსებული ბარიერების გაუქმებას ითვალისწინებდა, როგორც საქონლის და მომსახურების, ასევე კაპიტალისა და ადამიანების კუთხით. ეს დებულება კი, სწორედ ისაა, რის გამოც ევროკავშირი დღემდე მიმზიდველი და ეკონომიკურად გამართლებული პროექტია.

“ევროპის ეკონომიკური გაერთიანების” პირველი გაფართოება 1973 წელს მოხდა, როცა ორგანიზაციას გაერთიანებული სამეფო, ირლანდია და დანია შეუერთდნენ. მას შემდეგ, გაფართოება დროებით შეწყდა, მაგრამ გაერთიანებამ განვითარება განაგრძო. 1985 წელს, მაგალითად, ხელი მოეწერა “შენგენის ხელშეკრულებას”, რომლითაც ქვეყნებს შორის ადამიანების მიმოსვლის ბარიერი მოიშალა. ერთი წლის შემდეგ, ხელი მიეწერა “ერთიან ევროპულ აქტს”, რომლითაც ევროპულმა პოლიტიკურმა თანამშრომლობამ ინსტიტუციური ხასიათი მიიღო. სწორედ იმ დროს ჩამოყალიბდა ევროპული საბჭო, შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო საპარლამენტო ასამბლეას ოფიციალურად ეწოდა ევროპული პარლამენტი.

აი, ასე მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა “ევროპის ეკონომიკური გაერთიანება” საერთო ბაზრის საბოლოო იდეას. საერთო ბაზარი კი ევროკავშირის დედააზრია და ის ე.წ. “ოთხ თავისუფლებას” ეყრდნობა, ანუ ადამიანების, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალ მიმოსვლას, რაც, თავის წილ, ქვეყნებს შორის ბარიერების არარსებობას მოითხოვს. მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ “ოთხი თავისუფლების” დამსახურებაა ის, რომ დღეს, შეიძლება ადამიანი ბულგარელი იყოს, მაგრამ ესპანეთში ცხოვრობდეს, ფრანგულ კომპანიაში მუშაობდეს და ხელფასი - გერმანულ ბანკში ერიცხებოდეს.

აი, ასე მივიდა EU 1992 წლამდე, როცა ხელი მოეწერა “მაასტრიხტის ხელშეკრულებას”, რომლითაც, 1993 წელს ევროკავშირი დაფუძნდა. იმ დროს, ორგანიზაციაში თორმეტი ქვეყანა იყო გაერთიანებული, რადგან თავდაპირველ ცხრა წევრს საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი შეუერთდნენ. ამ დროს, ცხადია, გერმანიაც უკვე გაერთიანებული იყო.

ზემოხსენებული ქვეყნების ინიციატივით, 1993 წელსვე შეიქმნა საერთო ვალუტა - ევრო, რომლის შემოღების შემდეგ, იმდროინდელი 12 წევრიდან 11-მა ეროვნული მონეტარული პოლიტიკის განკარგვის უფლება ნებაყოფლობით დათმო. ევროს, თავდაპირველად არავინ იყენებდა და რეალურ ვალუტად ის მხოლოდ 2002 წელს გადაიქცა, როცა მიმოქცევაში ბანკნოტები და მონეტები ჩაეშვა. ერთი ქვეყანა, რომელმაც ევროზონაში გაერთიანებაზე უარი თქვა - დანიაა, სადაც დღემდე დანიურ კრონას იყენებენ.

ერთიანი ვალუტის გარდა, ევროკავშირში ერთი პერიოდი სერიოზულად განიხილავდნენ საერთო ევროპული ენის იდეასაც. ესპერანტო - ასე ერქვა ჯერ კიდევ 1887 წელს შექმნილ ენას, რომლითაც პანევროპულ დონეზე კომუნიკაცია უნდა შემდგარიყო, მაგრამ ამ იდეამ ფეხი მოიკიდა, რადგან ევროკავშირის წევრებს საკუთარი ენების გამოყენება ერჩივნათ. მიუხედავად ამისა, დღეს, ევროკავშირს სამი ძირითადი ენა აქვს, ესენია - ინგლისური, ფრანგული და გერმანული.

რაც შეეხება სტატისტიკას, დღეს, ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა. ქვეყნებს კი, როგორც წესი, ევროკავშირში გაერთიანება სურთ და არა მისი დატოვება, რის გამოც, მომლოდინეთა სია საკმაოდ გრძელია, რომელშიც საქართველოსაც ვხვდებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის დატოვების პრეცედენტიც ახსოვს კაცობრიობას, როცა 2020 წელს ორგანიზაცია გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა.

დღეს, ევროკავშირში 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ოთხი მილიონ 400 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის მიწაზე ცხოვრობენ. ეს ადამიანები 17 ტრილიონ 800 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკას ქმნიან, რომელშიც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათასი დოლარის ტოლია. ამავდროულად, ევროკავშირში ფიქსირდება უმუშევრობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რომელიც 6.9%-ს შეადგენს. ამასთან, ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა გლობალურ სავაჭრო რუკაზე, რომელზედაც გლობალური ვაჭრობის 15% მოდის.

ამ 15%-ში, საქართველოც შედის, რომლისთვისაც ევროკავშირი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელზედაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის თითქმის 21% მოდის - ეს 2023 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით. ისე კი, მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 50%-ით მოიმატა და 2022 წელს, სამი მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ათ თვეში, ეს მაჩვენებელი სამი მილიარდ 671 მილიონ დოლარს უდრის. პარალელურად ამისა, იზრდება საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენნაირი მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც, უმეტესად, სერვისებს აწარმოებს. საერთო ჯამში, 2016-დან 2022 წლამდე, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 56%-ით იმატა.

გარდა ბილატერალური დახმარებებისა, საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებასაც იღებს, რაც გრანტებსა და შეღავათიან სესხებს მოიცავს. ამასთან, პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველომ ევროკავშირისგან დამატებით 250 მილიონი ევრო მიიღო. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის, ევროკავშირი გაცილებით მეტია, ვიდრე მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება, თავისუფალი ვაჭრობა ან უვიზო დასვენება. საქართველოსთვის, ევროკავშირი დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, უკეთეს ცხოვრებას და მშვიდ და ნათელ მომავალს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები