მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დანერგავს ჯანდაცვის სამინისტრო DRG ტარიფებს? - თამარ გაბუნიას პასუხი

62d517aa1534e
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.22 16:16
874
საქართველოში არსებული კლინიკები ფინანსური კრიზისის ზღვარზე არიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, 100 კლინიკის მიერ გაგზავნილ ერთობლივ წერილში არის საუბარი.

საქმე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ტარიფებს ეხება, რომელიც 2013 წლიდან უცვლელია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ დღეს ეს ტარიფები მათ თვითღირებულების ხარჯებსაც ვეღარ ფარავს.

ალტერნატივა, რომელზედაც ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს არის DRG პრინციპებზე მორგებული ტარიფების დანერგვა. კლინიკები სახელმწიფოს სწორედ ამ მიმართულებით მოუწოდებენ ნაბიჯების გადადგმას. საკითხთან დაკავშირებით, BMG-იმ კითხვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას დაუსვა, რომელიც აღნიშნავს, რომ უწყება მის დანერგვას წლის ბოლომდე განიხილავს.

„გასაგებია, რომ გარკვეული ფასის მატება გარკვეული მიმართულებებით მოხდა, თუმცა ისევ და ისევ დღეს მნიშვნელოვანია სწორად ჩამოვყალიბდეთ DRG-ი პრინციპზე, საითაც მივდივართ და ფრაგმენტული ინტერვენციებით არ გამოვიწვიოთ დამატებითი დაბნეულობა ამ პროცესში. სტრატეგია განსაზღვრულია, ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობთ, საკონსულტაციო პროცესი ეფექტიანად გაგრძელდება იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის და შესაძლოა უფრო ადრე DRG დაიწყოს და დაინერგოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

BMG TV-ის ეთერში საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ განაცხადა, რომ კლინიკების ერთობლივი წერილის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგანაც საქმე ათიათასობით პაციენტისთვის მიწოდებული ჯანდაცვის ხარისხს შეეხება.

“კლინიკების განცხადება ალბათ არის ბოლო წვეთი, რადგან დიდი ხანია უკვე მწიფდება და ამაზე მიდის საუბარი. მივდივართ უკვე იქამდე, რომ გარდაუვალი ხდება რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ეს პრობლემები ახალი არაა და ამ პრობლემებს ვაგროვებთ უკვე 10 წელია, 10 თუ არა 6 წელი ნამდვილად ასეა, კოვიდის წლებს თუ გამოვთიშავთ.

მე მესმის ხოლმე, რომ DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფი არის სხვა რამ და ტარიფი არის სხვა რამ, მაგრამ ნამდვილად არაა სხვა რამ. DRG არის სისტემა, რომელიც შემთხვევებს აჯგუფებს არა 33,000 პროდუქტად, არამედ 600 პროდუქტად და მათ აქვთ ტარიფი. ეს ორივე ერთი და იგივეა და არ მინდა რომ ეს ცალ-ცალკე აღიქვას მაყურებელმა თუ სექტორმა.

გაკეთებადია, რომ წლის ბოლომდე DRG-ზე და ახალ ტარიფზე, თანამედროვე ეკონომიკაზე მორგებულ ტარიფზე, არა 520-ე დადგენილებაზე და ხელოვნურად დადაბლებულ ტარიფზე, არამედ იმ რეალურ ტარიფზე, რაშიც ეს სექტორი მუშაობს. არიან დაწესებულებები, რომლებმაც 2020-2021 წლებშიც კი მოგება აჩვენეს და ამ დაწესებულებების მაცვენებლების გამოყენებით, შეიძლება ამის ისე გაკეთება მოკლე ვადაში, რომ საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ისეთ კრიტიკულ ვითარებაზე არ ვიყოთ, რომ კლინიკები საუბრობდნენ სექტორიდან გასვლაზე.

მინდა მივმართო ამ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა იყო პოლიტიკური პრიორიტეტი და შევახსენებ, რომ 2017 წლამდე ყოველ ნოემბრის თვეში 80-90 მილიონ ლარს ვამატებდით საყოველტაო ჯანდაცვის პროგრამაში, იმიტომ რომ ეს სიკეთე ხალხისთვის მიგვეწოდებინა და შეგვენარჩუნებინა. 2017 წლის შემდეგ ეს ტენდენცია შეჩერდა და ჯანდაცვაში ჩადებული ფული შეიძლება აბსოლუტურ გამოსახულებაში დიდი ჩანს, მაგრამ ეკონომიკასთან და მშპ-სთან მიმართებაში ის მცირდება. დავუბრუნდეთ ამ პოლიტიკურ პრიორიტეტს - ჯანდაცვას. დღეს 100 კლინიკის განცხადება, აქ მთავარი ის კი არ არის, ამ 100-მა კლინიკამ რა თქვა, მთავარია ის, რომ ამ 100 კლინიკაში რომ მომხმარებელი მიდის, მათ სამედიცინო მომსახურებას ემუქრება საფრთხე. ვერ მიიღებენ ადკევატურ მომსახურებას, ნაცვლად იმისა, რომ 10 პაციენტზე იყოს ერთი ექთანი ჩვენ იქ დაგვხდება 30 პაციენტზე ერთი ექთანი რადგან მოუწევს ამ სექტორს ხარჯების შემცირება და ეს გადაითარგმნება ისევ ხარისხში,” - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

გადაცემა "ანალიტიკას” ეთერში საკითხის შესახებ ღია წერილის ერთ-ერთმა ხელისმომწერმა, “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია წლის ბოლომდე სამედიცინო სერვისების ტარიფების განახლების მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები. ქიტოშვილი აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებმა არ უნდა დაიგვიანოს, რადგანაც არაერთი კლინიკა, განსაკუთრებით რეგიონული ჰოსპიტალები ფუნქციონირების შეწყვეტის რისკის წინაშე დგანან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები