მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დატოვებენ პოსტებს "ოცნების" საარჩევნო სიის წევრი თანამდებობის პირები?

ოცნება

მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა.

ოცეულში არიან კულტურის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ რიგი თანამდებობის პირები. მათ შორის, მინისტრები (გარდა პრემიერისა) და მინისტრის მოადგილეები.

თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.

პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო სიას არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე წარადგენს, ანუ 26 სექტემბერს. შესაბამისად, გამოდის, რომ "ოცნების" დეპუტატობის ქალი კანდიდატები დაკავებულ თანამდებობებს არა უგვიანეს 28 სექტემბერს დატოვებენ.

"ქართულ ოცნებას" ასევე წარდგენილი ჰყავს 22 დელეგატი, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ მმართველმა პარტიამ ახალ ცვლადად შესთავაზა საზოგადოებას. უკვე ვიცით, რომ ეს 22 ადამიანი საარჩევნო სიაში გარანტირებულად იქნება. მათ შორისაა გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც ასევე 28 სექტემბრისთვის უნდა გადადგეს.

ჯერ უცნობია, როდის წარადგენს სრულ სიას მმართველი პარტია. სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება, სულ რამდენი თანამდებობის პირი წავა დაკავებული პოზიციიდან დეპუტატობის სანაცვლოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები