მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გადაიქცევა თურქეთი კასპიური გაზის ჰაბად (დასასრული)

63a814711fa4f
ზურაბ გარაყანიძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
26.12.22 09:00
2813
წინა ორ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ ის რისკები, გამოწვევები და მუქარები, რომლებიც თურქეთის გაზის სავარაუდო ჰაბს შეიძლება დაემუქროს, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ამ იდეით რუსეთის ხელისუფლების დაინტერესებაზე მეტყველებს. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ბალტიის ფსკერზე „ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2“ გაზსადენების აფეთქებიდან ორ დღეში პრეზიდენტები რ.-ტ. ერდოღანი და ვ. პუტინი შეთანხმდნენ „თურქული ნაკადის“ გასწვრივ კიდევ ორი ახალი გაზის მილის დამატებაზე, რაც საქართველოზე გამავალ ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) კონკურენტი პროექტია, ვინაიდან ეს ორი მილი ევროპის სწორედ იმ რეგიონში შევლენ, სადაც შედის ევროპული „დერეფანი“, - ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულზე ჩვენს წინა 2 სტატიაში ვწერდით. ქვემოთ ჩვენ კასპიის აღმოსავლეთიდან „დერეფნისადმი“ წარმოქმნილ საფრთხეებზე გვექნება საუბარი.

ბუნებრივი აირი სულ ახლახან, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, გადაიქცა საწვავის ერთ-ერთ მთავარ სახეობად. ამ საუკუნის დასაწყისში ბუნებრივი აირის, დაახლოებით, 88-90% გაზსადენებით მიეწოდებოდა გრძელვადიანი სამეურნეო ხელშეკრულებებით უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლიდან კონკრეტულ მომხმარებელს, დანარჩენი - ტანკერებით თხევადი გაზის (LNG) სახით. უკვე 2021 წელს LNG გლობალური იმპორტი, საერთაშორისო LNG იმპორტიორთა ჯგუფის (GIIGNL) ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან გაიზარდა 4,5%-ით და 513,7 მილიარდი კუბ. მეტრი შეადგინა (ანუ 372,3 მლნ ტონა). ჯგუფის კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს LNG-ზე უკვე მოდიოდა გაზის გლობალური ბაზრის დაახლოებით 40%, დანარჩენი - ისევ გაზსადენებზე. 2021 წელს LNG-ის დაახლოებით 73% (375 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 271,8 მლნ ტონა) აზიის ქვეყნებმა შეიტანეს. გარდა ამისა, მსოფლიოს LNG მოცულობის მხოლოდ 36,6% გაიყიდა სპოტ-ბაზარზე, ანუ მცირე პარტიებად, დანარჩენი რეალიზდა გრძელვადიანი კონტრაქტებით, რითაც თავისუფალი ფასწარმოქმნის საბაზრო მექანიზმი უგულებელყოფილია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროკავშირი მუდმივად „გაზპრომის“ მილსადენებიდან გაზმომარაგების შეწყვეტის მოლოდინშია და გამალებით ეძებს ალტერნატიულ მარშრუტებს.

პირველად ასეთი ალტერნატივის იდეა „ტრანსკასპიური გაზსადენის“ სახით, ჯერ კიდევ 1996 წელს, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წამოაყენა, მაგრამ კასპიის სტატუსის გაურკვევლობისა და მისი შელფის საზღვრების დელიმიტაციის არ ქონის პირობებში აზერბაიჯანის, ირანისა და თურქმენეთის ურთიერთდაპირისპირებული პოზიციის გამო, ეს პროექტი განუხორციელებელია.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ასევე გაურკვეველი დროით გადაიდო ევროკავშირიდან მხარდაჭერილი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) ერთ-ერთი შემადგენლის - „თეთრი ნაკადის“ გაზსადენისა და 2007 წელს ინიცირებული თხევადი გაზის პროექტი AGRI(LNG), - „აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-რუმინეთი-უნგრეთი ინტერკონექტორი.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ეს ყველაზე პერსპექტიული პროექტები იყო, ვინაიდან ისინი გვერდს არა მარტო რუსეთს, არამედ თურქეთსაც უქცევდა და შესაბამისად, მის სატრანზიტო მონოპოლიასაც ანეიტრალებდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ლევან დავითაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს კასპიის ზღვიდან ევროპისთვის გაზის საქართველოს გავლით მიწოდების პროექტზე. ბატონი ლ. დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს დაიწყო და ითვალისწინებს გეგმას, რომლითაც „...გაზი გათხევადდება საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი რე-გაზიფიცირებული იქნება რუმინეთში. სამწუხაროდ, ეს პროექტი შეჩერდა და შემდგომი განვითარება არ ჰქონია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „...ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როცა ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე. ამ პროექტმა განსაკუთრებული აქტუალობა წელს შეიძინა.” (Georgian economy minister talks of renewed plans for Caspian Sea gas pipeline through Georgia to Europe https://civil.ge/archives/515867 )

ბატონმა ლ. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროექტისა და საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის შეფასება. „ეს არ მოხდება ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში“, - თქვა მან და დასძინა, რომ „...პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება სრული სურათი… შემდეგ ჩამოვაყალიბოთ დეტალური სამოქმედო გეგმა… და დავიწყოთ ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება, ინვესტიციების მოზიდვის ჩათვლით“ (ibid).

„ტრანსკასპიური გაზსადენის“ პრობლემები

ამრიგად, კვლავ გაჩნდა თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების პერსპექტივა. „ტრანსკასპიური გაზსადენის“ გაყვანას ამ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს, - თურქმენეთიდან მილსადენი აზერბაიჯანში უნდა დაუკავშირდეს „სამხრეთის გაზის დერეფანს“ (SGC). მაგრამ ამ გაზსადენს ასევე დიდი პრობლემები აქვს.

რუსეთისა და ირანის ოპოზიციამ, დიდი ხანია ჩაშალა ეს პროექტი, მიუხედავად კასპიის სტატუსზე 2018 წლის აგვისტოში მიღწეული აქტაუს ხელშეკრულებისა. ისევე როგორც კომერციულმა გამოწვევებმა გაზსადენის სიგრძის გამო და სადაო კუნძულებზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში თურქმენეთის სიჯიუტემ. თუმცა, აზერბაიჯანი და თურქმენეთი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ შემცირებული, მხოლოდ 78 კილომეტრში სიგრძის წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც გადატუმბავს წლიურად 5 მლრდ კუბ. მეტრ გაზს თურქმენეთის ოფშორული „მაგთიმგულის“ საბადოდან აზერბაიჯანის „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლიმდე“ (იხ. სქემა 1).

„დოსტლიკი“ კასპიის ფსკერზე: „მაგთიმგული“ – „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლი“ მარშრუტი

თურქმენეთს შეეძლო გამოეყენებინა არსებული გაზსადენები ირანში და აზერბაიჯანში აირის „სვოპებით“ მიწოდებისთვის, რაც უზრუნველყოფდა მიწოდებას აზერბაიჯანის ბაზრისთვის, რითაც თავის მხრივ, შეიძლება გათავისუფლდეს ადგილობრივი გაზის მოცულობები ევროპაში თურქმენეთის სახელით ექსპორტისთვის, მაგრამ ამ რეზერვს თურქმენეთის ხელისუფლება დღემდე არ იყენებს. ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ეტაპობრივად შეზღუდვა კარგი შესაძლებლობაა აზერბაიჯანისთვის, რომ მოახდინოს საკუთარი აირის ბაზრის წილის გაფართოება ევროპის კონტინენტზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, გადაუჭარბებლად შეფასდეს, თუ რამდენად მარტივად შეუძლია ქვეყანას ამის მიღწევა.

გაზის მოპოვების პროექტების შემუშავებას ნებისმიერ ადგილას წლები სჭირდება და კასპიის ზღვაში ზოგიერთ პროექტს, სადაც ლოჯისტიკური საკითხების გამო პროცესები გართულდა, გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სხვაგან. გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური დაპირისპირებებისა, უმთავრესი დაბრკოლებებია - გეოლოგია და რთული სამუშაო პირობები. ზღვის იურიდიულ სტატუსზე მიმდინარე ათწლეულების დავამ, რაც მხოლოდ 2018 წელს გადაწყდა, გამარტივების ნაცვლად კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, რადგან საერთო ეკოლოგიური მოთხოვნების წინ წამოწევა გამოიწვია. შედეგად, შეფერხდა დიდი საბადოების ათვისება სადავო ტერიტორიებზე, როგორიცაა მაგალითად „დოსტლიკი“, რომელზეც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრეტენზია აქვს როგორც აზერბაიჯანს, ასევე თურქმენეთს.

იმავდროულად, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიმუშავეს „დერეფნის“ არაერთი კონკურენტული პროექტი. მაგალითად, საბერძნეთი აშენებს უკვე მეორე, წელიწადში 5,5 მლრდ კუბ. მეტრი წარმადობის თხევადი გაზის (LNG) ტერმინალს ქ. ალექსანდროპოლისის მახლობლად და იწვევს ინვესტორებს კიდევ ორი - 5,2 და 2,5 მლრდ კუბ.მეტრის წარმადობის ტერმინალების ასაგებად, რომლებიც სავარაუდოდ 2023 წელს უნდა აშენდეს. ალბანეთი ცდილობს ქ. ვლორაში ააგოს რეგაზაციის ტერმინალი და გახდეს LNG-ის იმპოტიორი. ასევე, განიხილება „ისტმედის“ (EastMed) გაზსადენის პროექტი, რომელმაც შეიძლება გადატვირთოს ევროპაში წელიწადში10, ან შესაძლოა - 20 მლრდ კუბ. მეტრი გაზი ისრაელისა და კვიპროსის ოფშორული საბადოებიდან; ანუ აშკარად იკვეთება ე.წ. „ევროკავშირის მეხუთე დერეფანი“ - ისრაელის, კვიპროსის, ყატარის და ირანის გაზმომარაგების წყაროებით.

ჩინეთი და ინდოეთი: ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კონკურენტები

ბოლო წლებში თურქმენეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე. დღეს პეკინი არის თურქმენული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მყიდველი; იმპორტმა 2021 წელს 34 მილიარდი კუბურ მეტრს მიაღწია. რუსეთი უკვე მეორე ადგილზეა: შარშან მოსკოვმა თურქმენეთიდან იყიდა10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც 2020 წელს შეძენილი მოცულობის გაორმაგებაა.
თურქმენეთმა მიაღწია მსოფლიოში სიდიდით მეორე - „გალკინიშის“ გაზის საბადოს მეორე ეტაპის პეკინიდან დაფინანსებას. უკვე ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთის სახელმწიფო ენერგო კომპანია CNPC სამუშაოების დიდ ნაწილს უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ გაზის სახელმწიფო კომპანია „თურქმენგაზი“ (Turkmengaz) „გალკინიშის“ პროექტის ოპერატორია, მაგრამ პროექტის ფინანსები და ტექნიკური ექსპერტიზა ყოველთვის ძირითადად ჩინური იყო. თურქმენეთმა მიიღო 3 მილიარდი დოლარის კრედიტი ჩინეთის განვითარების ბანკიდან „გალკინიშის“ განვითარებისთვის 2009 წელს, ორი წლის შემდეგ კი, მან დამატებითი მიიღო 4,1 მილიარდი დოლარის ტრანში.

ეს ვალი წლების განმავლობაში ანაზღაურდა გაზის ჩინეთში ექსპორტით და, ფაქტიურად, ფული პირდაპირ სახელმწიფო ჩინურ კომპანიებს უბრუნდებოდა. CNPC-თან აფილირებული Chuanqing Drilling Engineering Company Limited, ან CCDC, 2000-იანი წლების ბოლოდან აშენებს ჭაბურღილებს, მილსადენებს და გადამამუშავებელ ქარხნებს „გალკინიშისთვის“. CNPC თავის ვებსაიტზე აღნიშნავს, რომ გაზის თურქმენეთში მოპოვება დიდი სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რადგან იქ წარმოებულ გაზს აქვს გოგირდის მაღალი შემცველობა და შესაბამისად, რთულია დასამუშავებლად. თურქმენეთ-ჩინეთის აღნიშნული რთული სამეურნეო ურთიერთობა დღემდე შენარჩუნებულია, მიუხედავად აშგაბატის მცდელობისა, მოახდინოს კონტრაქტორების დივერსიფიკაცია. 2022 წლის აგვისტოში „გალკინიშში“ გაიმართა სამი ახალი ჭაბურღილის მშენებლობის გახსნის ცერემონია. სამუშაოს შესრულების კონტრაქტი, როგორც ყოველთვის, გადაეცა ჩინურ CCDC-ს. ამ სამი ჭაბურღილის (რომლებიც აშენდება 30 თვის განმავლობაში) გაზი, უნდა დაემატოს ამ საბადოზე უკვე არსებული 45 ჭაბურღილის აირს.

სამშენებლო კონტრაქტი თავდაპირველად გაფორმდა დუბაიში მდებარე Gulf Oil & Gas International FZE-სთან, მაგრამ შემდეგ ის შეწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო. როგორც ჩანს, წინააღმდეგობა გაჩნდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. თურქმენული მედია ადრე იტყობინებოდა, რომ ახალი ჭაბურღილები ანაზღაურდება CNPC-სთვის გაზის მიწოდებით, რითაც აშგაბატი მყარი ვალუტის რეზერვების გამოყენების აუცილებლობისგან გათავისუფლდება. ანალოგიურად, თურქმენეთის ხელისუფლებამ „ტრანსაზიური გაზსადენის“ (TAGP) მეოთხე, 30 მლრდ კუბ.მეტრი წარმადობის ე.წ. „D” მილის (იხ. სქემა 2) ჩინეთში გაყვანაც, გაზის ფასების გადახედვას დაუკავშირა. თურქმენეთის ხელისუფლება ასევე დიდ იმედებს ამყარებს „ტრანსავღანური გაზსადენის“ (TAPI) პროექტზეც, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს ადმინისტრაცია.

ტრანსაზიური გაზსადენი
თურქმენეთიდან ჩინეთში გაზის ექსპორტის გაორმაგების ამბიციები

თურქმენეთი კვლავ ცდილობს ჩინეთში ბუნებრივი გაზის ექსპორტის დაახლოებით გაორმაგების აშკარა გეგმებს, რაც ნიშნავს მიწოდების გაზრდას წლიურად დაახლოებით 65 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ასეთი გეგმების შესახებ იტყობინება თურქმენული საინფორმაციო საიტი Orient.tm (Turkmenistan once more discussing ambitions to double gas exports to China. https://newsbase.com/story/turkmenistan-once-more-discussing-ambitions-to-double-gas-exports-to-china-259885 ).

ეს ამბიციები თურქმენებმა განიხილეს მას შემდეგ, რაც თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ „გალკინიშის“ გაზის საბადოს მეორე ეტაპის განვითარებაზე. ჯერ-ჯერობით ამ ეტაპის ათვისების დაწყების დრო არ არის შეთანხმებული.

თურქმენეთმა ჩინეთს 2021 წელს მიაწოდა 34 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და გახდა ჩინეთის ბაზრის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის ამჟამინდელმა სპიკერმა, 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ხაზს უსვამს, რომ თურქმენეთი ცდილობს გაზარდოს თავისი ბუნებრივი აირის ექსპორტი ჩინეთში.

"დღეს ჩვენ ვმუშაობთ თურქმენეთის ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდაზე ჩინეთის ეკონომიკის მზარდი მოთხოვნისა და თურქმენეთის რესურსების გათვალისწინებით. ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ თურქმენეთიდან ჩინეთში მილსადენის მეოთხე მარშრუტის მშენებლობის შესაძლებლობა", - განაცხადა გ. ბერდიმუჰამედოვმა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინებოდა 2022 წლის 3 ოქტომბერს (ibid).

თურქმენეთის ახლანდელმა პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში განიხილეს ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 22-ე შეხვედრის ფარგლებში (ibid). პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ „მხარეები დაინტერესებულნი არიან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მასშტაბის გაზრდით ბუნებრივი გაზის [წარმოების] და არასასაქონლო სფეროებში“. თურქმენეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „თურქმენეთ-ჩინეთის ამჟამინდელი პარტნიორობა განვითარდა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკული კომპლექსი და ტრანსპორტი - კერძოდ, ტრანსსასაზღვრო ტვირთების ტრანსპორტი, ასევე კულტურისა და განათლების სფეროებში“ (ibid).

ბოლო წლებში ჩინეთმა გააფართოვა თავისი ეკონომიკური გავლენა თურქმენეთში და ახლა ის მტკიცედ არის ჩართული ცენტრალური აზიის ქვეყნის ბუნებრივი გაზის ინდუსტრიაში. ჩინური ფირმები აქტიურად არიან ჩართულნი თურქმენეთის ნავთობისა და ენერგეტიკის კომპლექსში.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია “გალკინიშის” გაზის საბადო. ის ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რომლის პოტენციური წარმადობა 27 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტია. ჩინეთი გაზს „გალკინიშის“ საბადოდან “ცენტრალური აზია-ჩინეთის მილსადენით” იღებს. მომავალი წლიდან მილსადენით წელიწადში 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, მილის მაქსიმალური სიმძლავრეა - 55 მილიარდი კუბური მეტრი. ამავე გაზსადენით ხდება ჩინეთისკენ გაზის გადამისამართება თურქმენეთის „ბაგტიარლიკის“ საბადოდან, რომელიც კონცესიით აქვს აღებული ჩინეთის სახელმწიფო ენერგო კომპანია CNPC-ს. ეს ციფრები ნათელ წარმოდგენას იძლევა თურქმენეთის გაზის ნაკადების აღმოსავლეთის მარშრუტებზე, და შესაბამისად აჩენს კითხვას - ეყოფა თურქმენეთს გაზი „ტრანსკასპიური გაზსადენის“ შესავსებად? სავარაუდოდ, „ტრანსკასპიურ გაზსადენში“ უზბეკეთიდან ბუნებრივი აირის დამატების გარეშე, დასავლეთის მიმართულებაზე თურქმენული გაზის მოცულობები არასაკმარისი იქნება.

ქაბული და აშგაბატი შეთანხმდნენ ტრანსავღანური გაზსადენის (TAPI) სამოქმედო გეგმაზე

გარდა ჩინეთთან აქტიური თანამშრომლობისა, თურქმენეთი ავღანეთის, პაკისტანის და ინდოეთის ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. „თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი“ (TAPI) გაზსადენის პროექტის ახალ სამოქმედო გეგმაზე ავღანეთი და თურქმენეთი შეთანხმდნენ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 2015 წელს. მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. ამჟამად, TAPI-ის გაზსადენის პროექტის რეალიზაციისათვის ყველაფერი მზადაა - იტყობინებოდა KhaamaPress 2022 წლის 10 ოქტომბერს, ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით (Kabul, Ashgabat agree on TAPI pipeline action plan.https://newsbase.com/story/kabul-ashgabat-agree-on-tapi-pipeline-action-plan-258923).

შეხვედრის დაწყებამდე, რომელზეც შეთანხმება გაფორმდა, ავღანეთის მეორე ვიცე-პრემიერმა, მოლა აბდულ ღანი ბარადარმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის პროექტის დასაწყებად და დასძინა, რომ „ამჟამინდელმა პირობებმა შექმნა იდეალური გარემო მისი განხორციელებისთვის“ (ibid). ამ პროექტს აშშ-იც მხარს უჭერენ, ვინაიდან ერთი წლის წინ ნატო-ს სამხედროების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ამერიკელებმა ადგილობრივი ტომების ბელადები დააინტერესეს აღნიშნული გაზსადენის დაცვაზე, კარგი ანაზღაურების საფასურად. ამასთან, ავღანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ელოდებიან წელიწადში 400 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს TAPI-ს ოპერაციებიდან და გაზის ნაკადების მიღებას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მილსადენი გაივლის თურქმენეთის „გალკინიშის“ გაზის საბადოდან სამხრეთის მიმართულებით.

ამასთან, ევროკავშირი-აშშ-თურქეთის დღევანდელი დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ნაკლებად სავარაუდო იქნება, რომ უახლოეს წლებში ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მხარი დაუჭირონ თურქეთის კასპიური გაზის მონოპოლიურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეას და შეეცდებიან ევროპისკენ გაზის ნაკადების დივერსიფიკაციას.

ამრიგად, როგორც ზემოაღნიშნული გეოეკონომიკური პროცესებიდან ჩანს, თურქეთის კასპიური გაზის ჰაბად ჩამოყალიბებას როგორც ჩრდილოეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ სავარაუდოდ, ევროკავშირი მეტ ძალისხმევას მიმართავს არა თურქეთის ე.წ. ჰაბის განვითარებაზე, არამედ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე, ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებები AGRI(LNG) თხევადი გაზის პროექტის რეანიმაციის შესახებ, ძალიან დროულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები