მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის განახლდება ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამა? - სამინისტროს განმარტება

5e3a97023f396
ელენე გოგბერაშვილი
05.02.20 14:20
3670
რამდენიმე თვეა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ბენეფიციარებისთვის ე.წ. „ლარიანი მედიკამენტები“ ხელმისაწვდომი აღარ არის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ის განუცხადა, მედიკამენტების შესყიდვები შეჩერებულია და სამინისტრო უახლოეს დღეებში მთავრობას პროგრამის სახეცვლილ პროექტს წარუდგენს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის განხორციელების მექანიზმი მთლიანად იცვლება და ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდება.

„პროგრამის მოსარგებლეთა წრე ნარჩუნდება. ამ ეტაპზე ესენი არიან სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ვეტერანები და ასევე ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა.

პროგრამაში შენარჩუნებულია 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიბაქტერიული მედიკამენტებით უზრუნველყოფა და რაც მთავარია, ამ ჯგუფებისთვის, ვისთვისაც გათვალისწებული იყო თანაგადახდა სიმბოლური 1 ლარით, 2020 წლის პროგრამით სრულიად უფასო იქნება. თანაგადახდა ნარჩუნდება მხოლოდ ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებულ პირებზე, ისინი ჩვეულებრივ 25%-ს გადაიხდიან, როგორც ეს იყო 2019 წლის განმავლობაში“, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ცვლილებები ამოქმედდება, ბენეფიციარები მიმართავენ სერვისის მიმწოდებელ აფთიაქებს, რომელთაც სამინისტრო განსაზღვრავს და მიიღებენ მათთვის სასურველ მედიკამენტებს, სოციალური მომსახურების საგენტო კი, ფაქტობრივი ხარჯით განახორციელებს მედიკამენტების ხარჯის ანაზღაურებას.

„რაც მთავარია, ხარისხზე ჩვენ შევინარჩუნებთ კონტროლს, იქნება განსაკუთრებული პირობა - მედიკამენეტების ხარისხი, რომელიც მოეთხოვება აფთიაქებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროგრამა ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მას ცალკე განსაზღვრული ბიუჯეტი არ აქვს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საშუალოვადიანი დაგეგმარების ფარგლებში გათვალისწინებული 10 მილიონის ფარგლებში იქნება ხარჯვა.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული იქნება, როგორც მედიკამენტის ფასი ანუ რა ფასად უნდა გაიცეს აფთიაქიდან, ასევე დადგენილი იქნება გარკვეული წლიური ლიმიტები დიაგნოზების, დაავადებების მიმართულების მიხედვით, ანუ არა ბენეფიციარზე ლიმიტი, არამედ მიმართულებაზე წლიური ლიმიტი, რომლის ფარგლებში ბენეფიციარი შეძლებს მედიკამენეტის მიღებას“, - აცხადებს ადამია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროგრამის საყოველთაო ჯანდაცვაში ინტეგრირების გადაწყვეტილებას იწონებს, თუმცა აცხადებს, რომ უნდა გაფართოვდეს როგორც ბენეფიციართა წრე, ისე მედიკამენტების ჩამონათვალი, თუმცა თუ ეს არ მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების სისტემის ცვლილების პარალელურად, მთავრობა შედეგს ვერ მიაღწევს.

„მიდგომა სწორია, რომ პროგრამა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი. ამ მეთოდით ჩვენ უფრო მარტივად ვიპოვით ხალხს, ვისაც წამალში თანადაფინანსება სჭირდება. აქ არ უნდა შემოვისაზღვოთ მხოლოდ ქრონიკული დაავადებებით და უნდა შედგეს, დაახლოებით, 300-400 დასახელების ესენციური ბაზისური მედიკამენტების სია, რომელიც იქნება ჩართული საყოველთაო ჯანდაცვაში და რომელსაც ექიმი გამოუწერს არამხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, არამედ ყველას, ვისაც თავისი შემოსავლების არასაკმარისობის გამო ხელმისაწვდომობა წამლებზე შეზღუდული აქვს.

აქ მივდივართ იქამდე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა თუ არ შეიცვალა, წამლის კომპონენტის დამატება გამოიწვევს მისი ისედაც გარღვეული ბიუჯეტის კიდევ უფრო გარღვევას. ამიტომ წამლის კომპონენტი უნდა დაემატოს, მაგრამ ამავდროულად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების სისტემა თუ არ შეიცვალა, ჩვენ დავდგებით იგივე პრობლემასთან, რის წინაშეც ვდგავართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჰოსპიტალურ სეტქორში ან რა პრობლემის წინაშეც დავდექით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა 2017 წლის ივლისიდან მოქმედებს. პროგრამის ამოქმედებიდან 2019 წლის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა მუდმივად უდგას.

2018 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ათვისებულია მხოლოდ 7.6 მილიონი ლარი.

2019 წელს, წინა წლის მსგავსად, მედიკამენტების პროგრამის ბიუჯეტი აუთვისებელი დარჩა. 2019 წელს პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იყო. სექტემბერში, წლიური გეგმა დაკორექტირდა და 14 მილიონ ლარამდე შემცირდა, საიდანაც წლის ბოლოს ხარჯვა მხოლოდ 7.2 მლნ ლარი იყო.

ბიუჯეტის აუთვისებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პროგრამაში მოსახლეობის ნაკლები ჩართულობაა, რაზეც მიუთითებდა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც.

"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. მაისში, პროგრამის წარდგენისას დავით სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას, თუმცა ამ მაჩვენებლის მიღწევა პროგრამის ამოქმედებიდან მესამე წელსაც ვერ მოხერხდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე პროგრამის მიმდინარეობის იანვარ-აგვისტოს სტატისტიკური მაჩვენებლებია გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბენეფიციართა ყოველთვიური მიმართვიანობა 16,293-ს შეადგენდა, მათ შორის ყველაზე მეტი ბენეფიციარი - 40,646 ადამიანი პროგრამას აგვისტოში ჰყავდა, ყველაზე ცოტა - 8,183 ბენეფიციარი კი, მარტში.

უწყების ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეკა ადამიას ვკითხეთ, რით ხსნიან, პროგრამის ბიუჯეტის აუთვისებლობას.

„ბიუჯეტი პროგრამისთვის განსაზღვრული იყო წლების მიხდვით მედიკამენტების შესასყიდად. შესაბამისად თუ სატენდერო პირობით როგორ იქნა შესყიდული, რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა სატენდერო ეკონომია, იყო შემთხვევები როცა ტენდერები ვერ შედგა, კორექტირებები რაც განიცადა ბიუჯეტმა, გამოწვეული იყო აი ამ კონკრეტული მიზეზებით და არა უშუალოდ ბენეფიცირთა რაოდენობასთან ეს მიბმული არ იყო. ეს იყო სატენდერო პროცედურების ვერ განხორციელების ან სატენდერო ეკონომიების დაფიქსირების ხარჯზე, ნუ სხვადასხვა მიზეზებით“, - განმარტავს ეკა ადამია.

„ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ პროგრამის ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზი მის არასწორ დაგეგმვაშია.

„როდესაც ისე იყო დავიწროვებული პოტენციურ მოსარგებლეთა რაოდენობა, რომ მეტ ფულს უბრალოდ ვერც დახარჯავდნენ. რა თქმა უნდა, მენეჯმენტში პრობლემა აქვთ, ტენდერები ჩაუვარდათ, შესყიდვებში პრობლემა აქვთ, მაგრამ მთავარი პრობლემა არის მოსარგებლეთა რაოდენობის ისე შემოსაზღვრა, რომ რაც შეიძლება ხელმოჭერილად დახარჯო ეს ბიუჯეტი და ამიტომაც არ იყო ბიუჯეტში ათვისება, მაგრამ თუ საყოველთაო პროგრამაში ჩავრთავთ მას, არც 20 მილიონი არ ეყოფა. ოღონდ თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას შევცვლით და მომჭირნედ დავხარჯავთ ფულს იქ, სადაც დღეს უყაირათოდ იხარჯება, მაშინ საკმარისი რესურსი არსებობს, რომ ჩვენ მედიკამენტით უფრო მეტად დავეხმაროთ მოქალაქეებს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მას შემდეგ, რაც ქრონოკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვაში ინტეგრირდება, პროგრამას ცალკე გამოყოფილი ბიუჯეტი არ ექნება, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, ხარჯვა დაახლოებით, 10 მილიონის ფარგლებში იქნება, როგორი გათვლაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში იყო გაკეთებული.