მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის იქნება კვლავ შესაძლებელი ევროპაში მოგზაურობა?

5e9f303d31d20
თამთა ჯიჯავაძე
22.04.20 00:00
10999
როდის იქნება კვლავ შესაძლებელი ევროპაში მოგზაურობა? – ამ სათაურით ამერიკული Forbes-ი სტატიას აქვეყნებს.

ევროპის ცალკეულ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნელ-ნელა დაიწყო. ეს ალბათ ნაწილობრივ იმანაც განაპირობა რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები კონტინენტზე კლების ტენდენციით ხასიათდება. მთავრობების ნაწილმა კი ნაწილობრივ განაახლა სასწავლო პროცესი სკოლებში, ცალკეული მაღაზიები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც გახსნეს.

იტალია, ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ისლანდია არიან იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის შემთხვევებმა დაღმასვლა დაიწყო, მთავრობებმა კი შეზღუდვების შემსუბუქება.

ცალკეული მთავრობების გადაწყვეტილება გააკრიტიკეს კიდეც. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა კი განაცხადა: „თუ ჩვენ ძალიან სწრაფად გავხსნით ყველაფერს, ჩვენ ვრისკავთ ინფექციის ძალიან სწრაფად ზრდას, და შემდეგ ისევ მოგვიწევთ დახურვა ყველაფრის“.

მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმაც. მისი თქმით, ცხოვრება ვერ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს მანამ, ვიდრე ვაქცინა არ შეიქმნება.

"ვურჩევდი ყველას, დაელოდონ მოვლენების განვითარებას მანამ ვიდრე არდადეგების დაგეგმვას დაიწყებდეს. ამ დროისთვის არავის შეუძლია სარწმუნო პროგნოზის გაკეთება ივლისისა და აგვისტოსთვის“, – განაცხადა ლეიენმა.

ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილებების მსგავსება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ აუქმებენ შეზღუდვებს. თუმცა, მათი გადაწყვეტილებები განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე მაგალითად, იტალიაში წიგნების მაღაზიები, ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიები გახსნეს. მაშინ, როდესაც ესპანეთში მაღაზიები 26 აპრილამდე რჩება დახურული. თუმცა, ესპანეთში ქარხნების თანამშრომლები უკვე დაუბრუნდნენ სამსახურებს, იტალიაში კი ქარხნები კვლავ დახურულია. ჩეხეთში სავალდებულოა გარეთ პირბადეების ტარება, დანიაში არა და ა.შ.

The Wire -ის ცნობით, ამ კუთხით ავსტრიის და სკანდინავიის ქვეყნების სტრატეგიებიც განსხვავდება. ვენა მაღაზიების გახსნას პრიორიტეტულად მიიჩნევს, სკოლებს კი სექტემბრამდე დახურულს ტოვებს. ნორვეგია და დანია კი სკოლებს ხსნიან თვის ბოლოსთვის.

ამგვარად ყველა ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, თუმცა, საზღვრები ძირითადად კვლავ ჩაკეტილია. ამიტომაც გაურკვევლობა დიდია.

მოსახლეობის ნაწილმა, ევროპაში შვებულების და არდადეგების გატარება ჯერ კიდევ კრიზისის დაწყებამდე დაგეგმა, ამიტომაც ასეთ ადამიანებს განსაკუთებით აინტერესებს რა იქნება ზაფხულის პერიოდში. ერთი რამ ნათელია: კარანტინი იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შემცირებულია შეზღუდვები, სულ მცირე სამ კვირას კიდევ გაგრძელდება მანამ, ვიდრე საზღვრები გაიხსნება და შესაძლოა მოკლე მანძილზე რეისებიც განახლდეს.

ავიარეისები აპრილში და მაისში გაუქმებულია, ავია ინდუსტრია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, ამიტომაც ავიაკომპანიები იმედოვნებენ, რომ ოპერირებას ივლისსა და აგვისტოში მაინც აღადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიის პროგნოზები საკმაოდ მძიმეა.

ცალკეული ავიაკომპანიები, მაგალითად Jet2-ი და Ryanair-ი ფრენების აღდგენას ივნისიდან ელოდებიან, EasyJet-ი კი მოგზაურების დარწმუნებას ცდილობს, დაჯავშნონ ზაფხულის რეისები, და ამისათვის გადასახადსაც ამცირებს. მიუხედავად მსგავსი მცდელობებისა, ნათელია, რომ შორ მანძილზე ფრენების აღდგენა მალე შეუძლებელია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ავიაკომპანიები აპირებენ რეისების აღდგენის შემდეგ სოციალური დისტანცირების დაცვა თვითმფრინავებში უზრუნველყონ და შუა სკამის ბილეთები არ გაყიდონ. მსგავსი ზომები ალბათ ჩვეულებრივი გახდება მოგზაურებისთვის აეროპორტებშიც, მატარებლებსა და ავტობუსებშიც.

ბუნებრივია, პირველ ეტაპზე შიდა ფრენები აღდგება, შემდეგ კი ქვეყნებს შორის ავიარეისები. აეროპორტებმა შესაძლოა მცირე ტესტირების ცენტრებიც მოაწყონ, სადაც მაგალითად მოგზაურებს ტემპერატურას გაუზომავენ.

სხვადასხვა მოსაზრებების მიხედვით, თავდაპირველად საგზაო მოძრაობა აღდგება, შემდეგ მოკლე მანძილზე ფრენები და რკინიგზით მგზავრობა, ბოლოს კი შორ მანძილზე რეისები.

"როდის იქნება ეს ყველაფერი უსაფრთხო? რით ვიმგზავროთ? თვითმფრინავით, მატარებლით თუ ავტომობილით?“, – კითხულობს გამოცემა San Francisco Examiner-ი. ნათელი პასუხი ამაზე არ არსებობს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას ვერ დაუბრუნდება მანამ, ვიდრე COVID-19–ის ვაქცინა არ შეიქმნება. ამას კი დრო დასჭირდება.

როდის გაიხსნება საზღვრები? ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა შენგენის ზონას, რომ გარე საზღვრები სექტემბრამდე დატოვოს დაკეტილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის საზღვრები კიდევ რამდენიმე თვე მაინც ჩაკეტილი იქნება.

ტურიზმის სპეციალისტები და ექსპერტები საკმაოდ საინტერესო პროგნოზს აკეთებენ. ისინი ამბობენ, რომ შემოდგომა და ზამთარი იქნება უფრო პოპულარული წელს, ვინაიდან ადამიანები მოისურვებენ ზაფხულის გამოტოვების შემდეგ წლის ბოლომდე მაინც იმოგზაურონ და თავიანთი შვებულებები გამოიყენონ. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ტურისტების ნაკადი იმ ქალაქებში წავა, სადაც შემოდგომა–ზამთრის პერიოდში შედარებით თბილა. მაგალითად ფლორიდა, კანარის კუნძულები და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები