ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, დასრულდა.
ამის შესახებ BM.GE–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს, თვის ბოლომდე კი ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლების მიღებასაც შეძლებს.
"ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქტიის მიზნით, 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შედეგად, სრულად აღდგა ბილიკები, ხელოვნური ტბა, ადმინისტრაციული შენობა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა დასრულდა, დამონტაჟდა სარწყავი, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები და ასევე, განახლებულია ნარგავები. ტერიტორია უზრუნველყოფილია ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით. ამ სამუშაოებისთვის, ფინანსები მსოფლიო ბანკმა გამოყო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა. პროექტი ასევე დაფინანსებული და დამუშავებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და "ჯგუფი ქართუს" მიერ", - აღნიშნა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
გარდა ამისა, მოწერელიას თქმით, პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე სამი საპირფარეშო და სალარო ჯიხურები აშენდა, ასევე, მებაღის სახლისა და ორანჟერეის მშენებლობაც დასრულდა.
განახლებულ პარკში შესვლა ფასიანი იქნება, თუმცა ერთჯერადი ვიზიტისა და სხვადასხვა ხანგრძლივობის აბონიმენტების ფასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება.