მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შევა ძალაში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები? - პროცედურა

648af4068bac7
თამთა ჯიჯავაძე
15.06.23 15:17
468
სტატიაში საუბარია:
პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ივნისის პლენარულ სესიაზე დაძლია. გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის, საჭიროა, მას ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს, ხოლო თუ პრეზიდენტი ხელის მოწერაზე უარს იტყვის, მაშინ მას პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა bm.ge-ისთან საუბრისას განმარტა, ვეტოს დაძლევიდან პარლამენტს სამი დღე აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტი პრეზიდენტს გადაუგზავნოს ხელმოსაწერად. ამის შემდეგ, პროცედურების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ხუთი დღე აქვს იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს, ხოლო თუ ხუთი დღის ვადაში ხელს არ მოაწერს, მომდევნო ხუთ დღეში მას პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს ხელი.
 
შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი გასული კვირის მიწურულს ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკას" გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული ბანკის საკითხს მიეძღვნა. IMF-ის წერილობით განმარტებაში, რომელიც „ანალიტიკამ“ მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ-ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.

bm.ge ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას და იმის გარკვევას, შევიდა თუ არა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტი და რას გეგმავს თავად სალომე ზურაბიშვილი, მოაწერს თუ არა ცვლილებებს ხელს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები