მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდისაა პარლამენტი ლეგიტიმური? - იურიდიული და პოლიტიკური კომპონენტები

ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის მთავარი პრობლემა არალეგიტიმური არჩევნებია, მაგრამ ეს უნდა დამტკიცდეს. "მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს და უნდა ვეცადოთ და მივაღწიოთ იმას, რომ სამართლებრივად დადგინდეს, არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური... ამის შანსი არის? - არის, მაგრამ არა - დიდი... უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება", - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც პარლამენტის ლეგიტიმაციის იურიდიულ და პოლიტიკურ კომპონენტებზეც ისაუბრა.

„პარლამენტის ლეგიტიმაციის საფუძველი, პირველ რიგში, არის არჩევნები ანუ არჩევნები უნდა იყოს ლეგიტიმური. თუ არჩევნები არაა ლეგიტიმური, პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური. ამ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის საფუძველი, ჩემი შეფასებით, არის ძალიან მაღალი და ძალიან ბევრი.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა არჩევნები ვნახე - არჩევნების ორგანიზატორიც ვყოფილვარ, არჩევნების მონაწილეც ვყოფილვარ და ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც. არჩევნებზე დარღვევები მეტ-ნაკლებად სულ იყო. სერიოზული დარღვევები 1995 წლიდან დაიწყო და თანდათანობით იხვეწებოდა და ჩნდებოდა ახალ-ახალი ტიპის გაყალბება, მაგრამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რაც ვნახე, ასეთი არასდროს არ მინახავს - ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული სისტემა ყველანაირი გაყალბების, რაც კი გამიგია, მათ შორის ისეთიც, რომელიც აქამდე არ იყო - ხმის ფარულობის დარღვევა - აქამდე არ მსმენია.

ამდენად, ამ პარლამენტის ლეგიტიმურობის მთავარი პრობლემა და წინაღობა გახლავთ არალეგიტიმური არჩევნები, თუმცა ეს უნდა დამტკიცდეს ანუ უნდა ჩატარდეს სათანადო გამოძიება, რომელსაც ენდობა საზოგადოება და თუ ეს დარღვევები არ ყოფილა, გამოძიება ხომ გამოავლენს?!ოღონდ გამოძიება არ უნდა იყოს ხელის ბიჭების მიერ ჩატარებული. მე თუ მართალი ვარ და უბეში რაღაც აკრძალულს არ ვმალავ, ხომ უნდა გაჩვენოთ?!“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ამდენად, კონსტიტუციონალისტის და ყოფილი დეპუტატის შეფასებით, როდესაც ბარიერგადალახული, ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ არ აპირებენ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას, ისინი სწორედ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას გულისხმობენ.

რაც შეეხება პარლამენტის ლეგიტიმაციის სამართლებრივ კომპონენტს, როგორც ვახტანგ ხმალაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, თუ კანონით დადგენილი ფორმალურ-იურიდიული პროცედურები დაცულია, მაშინ საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული ლეგიტიმაცია შესრულებულად ითვლება და განმარტა, ამისთვის რა პროცედურების გავლაა საჭირო.

„როგორც კი ცესკო დაამტკიცებს დაა გამოაქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ამ დროიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, უნდა შეიკრიბოს ახლად არჩეული პარლამენტი და გაიმართოს პირველი სხდომა. პირველ შეკრებაზე პარლამენტს ექნება უფლებამოსილება, იმსჯელოს თავის წევრთა უფლებამოსილების ცნობაზე, თუ სხდომას დაესწრება სულ მცირე 76 პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი. მათ, პირველ რიგში, კენჭი უნდა უყარონ იმ სიას, რომელიც ცესკოს პარლამენტის წევრად არჩეულად ჰყავს გამოცხადებული“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ცესკოს წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, რადგან „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, მმართველი პარტიის დეპუტატები პირველ სხდომაზე ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტის წევრად არჩეული პირების უფლებამოსილებასაც ცნობენ.

ამდენად, კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ მანდატებს მიიღებენ.

შესაბამისად, კონსტიტუციონალისტის შეფასებით, ორი ოპოზიციური კოალიციის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ გადაწყვეტილებას, მიემართათ ცესკოსთვის პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის არგაცემის მოთხოვნით, სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება.

ვახტანგ ხმალაძემ ამ თემაზე სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განმარტა, რატომ არ აქვს ცესკოს უფლებამოსილება, დააკმაყოფილოს ორი ოპოზიციური კოალიციის მიმართვა.

“პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება. თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. ეს ასე არ არის, მაგრამ ამის სამართლებრივ მტკიცებას არ შევუდგები.

მხოლოდ ერთს ვიტყვი და დაფიქრდით: დავუშვათ, რომ შესაძლებელია, არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილების ცნობამდე, მანდატებზე უარის თქმა და, იმავდროულად, პარტიული სიის გაუქმება. ახლა დავუშვათ, რომ დამარცხებულმა პარტიებმა 51 მანდატი მიიღეს, უფლებამოსილების ცნობამდე უარი თქვეს მანდატებზე და პარტიული სიებიც გააუქმეს. რას მივიღებთ? პარლამენტი ცნობს მხოლოდ 99 წევრის უფლებამოსილებას და ვეღარ გააგრძელებს მუშაობას - საჭირო გახდება ხელახალი არჩევნები. და თუ იგივე განმეორდა მეორედაც, მესამედაც და ა.შ.? გამოვა, რომ 51 დამარცხებულს ყოველთვის შეეძლება არჩევნების შედეგების ბლოკირება, რაც სრული აბსურდია! დღეს პრობლემა არჩევნების არალეგიტიმურობაა და ამას უნდა მივხედოთ!”, - დაწერა სოციალურ ქსელში ვახტანგ ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები