ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა, მთავრობის მიერ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის 2025 წლის მარტამდე გახანგრძლივებას დადებითად აფასებს. BM.GE-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟის საპირწონედ დაწესებული ქართული მხარის მიერ ფქვილის იმპორტის გადასახადი, ბაზარზე დადებითად აისახა და ბიუჯეტმაც დამატებით 30 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.
„ფქვილსა და ქატოს იმპორტზე დაწესებული გადასახადი განპირობებულია იმით, რომ 2021 წელს რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებულმა გადასახადმა, ფქვილისა და ხორბლის შემოტანისას პარიტეტი დაარღვია. ამან საქართველოს მხრიდან საპირწონე გადასახადის დაწესება გამოიწვია, რამაც ბაზარზე საკმაოდ კარგი გავლენა იქონია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან გააქტიურებული რუსული ფქვილის აგრესიული იმპორტი ფაქტობრივად შეწყდა და ქვეყანაში გაჩერებული წისქვილკომბინატები ამუშავდნენ, ხორბლის ადგილობრივმა მწარმოებლებმა კი მოსავლის ჩაბარება შეძლეს. მეხორბლეობის დარგის სამივე რგოლისთვის - ფერმერებისთვის, გადამმუშავებლებისთვის და პურის მწარმოებლებისთვის ფქვილსა და ქატოზე გადასახადის დაწესებამ საკმაოდ კარგად იმუშავა და ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდა.
ამ გადასახადის შედეგად ბიუჯეტში დაახლოებით 30 მლნ ლარის გადასახადი შევიდა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შექმნილია ყულაბა დარგისთვის, რომელიც ჰიპოთეტურად კრიზისის პერიოდში შეიძლება გამოყენებული იქნეს. გადასახადის გადასახადის ვადის გაგრძელებას ჩვენც გრძელვადიან ჭრილში ვუყურებთ და დადებითად ვაფასებთ“, - განმარტა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ რუსულ მარცვლეულზე იმპორტის გადასახადი მანამდე უნდა იყოს ძალაში, სანამ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟი იმოქმედებს.