"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. სხვა საკითხებს შორის, კვლევა მოიცავს გამოკითხულთა პოზიციას მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის საქმიანობების შეფასებებთან დაკავშირებით.
კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება მიმდინარე წლის მარტის შედეგებთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას? - 54% პასუხობს, რომ კარგად, 38% აფასებს ცუდად, ხოლო 6% ამბობს, რომ არ იცის. აქვე აღსანიშნავია, რომ მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე ტიპის დასახლებებშია და ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.
კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტლებში მოიმატა.
რაც შეხება პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს, 37% - საშუალოდ, 26% - ცუდად, ხოლო 7% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის. აღსანიშნავია, რომ თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ, ხოლო ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტლების უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 16% აფასებს დადებითად პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 30% ცუდად აფასებს, ხოლო 11% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
აქვე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.
კვლევის ავტორებმა პარლამენტის საქმიანობის შეფასებაც ითხოვეს. გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. ამასთან, თბილისელები, ახალგაზრდები, კაცები, ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტს შედარებით უფრო კრიტიკულად აფასებენ. ოპოზიციის თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას კარგად ან საშუალოდ აფასებს.
გამოკითხვა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი ინტერვიუს სახით 2,068 მოქალაქე გამოიკითხა.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%