მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს „მეფრინველეობის ასოციაცია“ ქათმის ხორცში წყლის შემცველობის 7%-მდე გაზრდას

606b2552681e5
ინგა მურუსიძე
06.04.21 11:46
751
„ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის ზღვრის 5%-დან მაქსიმუმ 7%-მდე გაზრდა ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი დარტყმას არ მიაყენებს; მათ უფრო მეტ დარტყმას აყენებენ სხვა ფაქტორები - ლარის კურსი, კომუნალურებზე გაზრდილი ტარიფები თუ მარცვლეულ კულტურებზე გაზრდილი ფასი“, - ასე აფასებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტში ცვლილებას, რომლის თანახმად, 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის ზღვარი 5%-დან მაქსიმუმ 7%-მდე იზრდება.

„მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხის განხილვაში როგორც იმპორტიორები, ისე ადგილობრივი მწარმოებლები მონაწილეობდნენ.

„ბუნებრივია, საკითხს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს - ადგილობრივ მწარმოებლებს ურჩევნიათ, საერთოდ არ შემოვიდეს იმპორტირებული პროდუქტი, რადგან მეტი საშუალება ექნებათ, რომ ბაზარზე მაღალ ფასად გაყიდონ ფრინველის ხორცი. რაც შეეხება იმპორტიორებს, მათ სხვადასხვა ხარისხის პროდუქცია შემოაქვთ და მათი ნაწილი ითხოვდა, რომ წყლის შემცველობა მაღალი პროცენტით ყოფილიყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ყველას პოზიცია მოისმინეს და წყლის შემცველობის 5%-დან 7%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს იმდენად დაბალი მაჩვენებელია, რომ ვერც ფასებს გააიაფებს, არც მომხმარებელი დაზარალდება და არც ადგილობრივ წარმოებას შეუშლის ხელს“, - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ადგილობრივი წარმოება მოხმარებას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ იმპორტი მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ქვეყანა საკმარის ფრინველის ხორცს ვერ აწარმოებს და დეფიციტის შევსება ხდება როგორც ევროპიდან, ისე - აშშ-დან. აშშ-ში მოქმედი რეგლამენტით კი, წყლის შემცველობა პროდუქტში 7%-ია და ეს არ არის ხორცში წყლის ხელოვნურად შეყვანით გაზრდილი წყლის შემცველობა, ეს არის უბრალოდ შემდგომი სანიტარული დამუშავებიდან მიღებული მოცულობა. ამდენად, გადაწყდა, რომ ვინაიდან აშშ-ის პროდუქცია საკმაოდ ხარისხიანია, რაღაც ეტაპზე მოხდეს ზღვრის 7%-ზე აწევა და ასე იქნება 2025 წლის 1 იანვრამდე, ვიდრე ევრორეგულაციების დაკმაყოფილება არ მოგვიწევს“, - განაცხადა „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები