მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს მთავრობის, პრეზიდენტის და პარლამენტის საქმიანობას მოსახლეობა?

6324476a21e29
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.22 15:20
553
NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავინ - არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები - მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ მთავრობის საქმიანობის შეფასება უცვლელია და მოსახლეობის ნახევარი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას დადებითად, ხოლო 51% უარყოფითად აფასებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილი.

ივლის-აგვისტოში ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური მაჩვენებელი გაიზარდა. სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად მხოლოდ მოსახლეობის 12% აფასებს, საშუალოდ - 43%, ცუდად კი 40%, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის მარტში პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად მხოლოდ 24% აფასებდა.

უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. ნახევარზე მეტი (56%) მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს, 54%-ს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.

ცნობისთვის: აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.