გლობალური საფონდო ბირჟებისთვის წლის მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სწორედ ამერიკის პრეზიდენტი განსაზღვრავს გლობალური ეკონომიკის ბედ-იღბალს.
არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ამერიკელმა ინვესტორებმა განსაკუთრებით დადებითად მიიღეს, კერძოდ, S&P 500-ის, Nasdaq-ის და Dow Jones-ის საფონდო ინდექსების ღირებულება ერთ კვირაში საშუალოდ 6%-ით გაიზარდა, რაც მოკლევადიან პერიოდში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ტრამპის არჩევის ფონზე, მსხვილი ამერიკული კომპანიების საერთო კაპიტალიზაცია რამდენიმე ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ტრამპი, როგორც მანჰეტენელი ბიზნესმენი, კორპორაციული სექტორის და უოლ-სტრიტის მხარდამჭერია. მისი საარჩევნო დაპირება გადასახადების შემცირება, რეგულაციების შემსუბუქება და სატარიფო გეგმის ეროვნულ წარმოებაზე მორგებაა, რაც ამერიკული კომპანიებისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
არჩევნებში ტრამპის გამარჯვება ევროპელმა ინვესტორებმაც პოზიტიურად მიიღეს, რადგან Stoxx 600-ის ევროპული ინდექსი დამატებით 1%-ით გაიზარდა.
დადებითი განწყობა შეინიშნება იაპონიაშიც, რომელიც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. სულ რაღაც ერთ კვირაში იაპონური Nikkei-ის ინდექსის ღირებულება 3.5%-ით გაიზარდა. ჩინური Shanghai-ის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი კი 5% იყო, ანუ ტრამპის გამარჯვება გლობალურმა საფონდო ბირჟამ პოზიტიურად მიიღო.
ყველაზე პოზიტიურად ტრამპის გაპრეზიდენტებას კრიპტოაქტივების ინვესტორები შეხვდნენ, რადგან, როგორც იცით, ტრამპი პროკრიპტო პოლიტიკოსია. მისი გამარჯვების შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ 82,000 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ბაზრის საერთო შეფასებამ 2 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბიტკოინთან ერთად, მკვეთრად არის გაძვირებული სხვა კრიპტოვალუტებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ფასის მატების მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.
როგორც ტრამპი აცხადებს, ამერიკაში შეიქმნება „ბიტკოინის სტრატეგიული ეროვნული რეზერვი“, როგორიც ქვეყანას ოქროსთან და ნავთობთან მიმართებით აქვს. ასევე, ის გეგმავს, რომ ამერიკა "დედამიწის კრიპტო-დედაქალაქი" გახდეს, როგორც ეს უოლ-სტრიტის და საფონდო ბირჟების შემთხვევაშია.
გარდა ამ ყველაფრისა, ტრამპის ხედვის მხარდასაჭერად, სენატორმა სინტია ლუმისმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ხაზინას ავალდებულებს, შეიძინოს 1 მილიონი ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც თითქმის 75 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს აშშ-ის ფინანსური სისტემის გაძლიერებას და ეროვნული ვალის შემცირებას, რადგან ბიტკოინთან მიმართებით ამერიკული დოლარი უფასურდება, კრიპტოვალუტის ფლობით კი ხაზინა ამ რისკის დაზღვევას შეძლებს.
ტრამპის გამოსვლა ასევე მოიცავდა კრიპტოვალუტებთან მიმართებით მეგობრული რეგულატორული გარემოს შექმნის ინიციატივას. მან პირობა დადო, რომ შექმნის ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მისი ადმინისტრაციის პირველ 100 დღეში შეიმუშავებს ახალ რეგულაციებს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ინდუსტრიის ზრდის მხარდაჭერას, რეგულატორული ჩარჩოს შექმნით, რომელსაც შეადგენენ ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. მან ასევე განაცხადა, რომ გაათავისუფლებს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, გარი გენსლერს და მისი შემცვლელად დანიშნავს უფრო კომპეტენტურ და გონებაგახსნილ პიროვნებას.
ტრამპის საჯარო გამოსვლის მიხედვით, ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს დასავლურ სამყაროში ყველაზე პროკრიპტო პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც, ახლა უკვე ამერიკის პრეზიდენტია და თან ის 20 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტას ფლობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის გამარჯვება ყველას პოზიტიურად არ მიუღია. მაგალითად, ძვირფასი მეტალების ბაზარზე ეს სიახლე ნეგატიურად აისახა. უფრო კონკრეტულად, ერთკვირიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, ხოლო უნცია ოქროს ფასი ამჟამად 2,665 დოლარია. ძვირფასი მეტალების გაიაფება იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას მსოფლიოს მასშტაბით ომების და კონფლიქტების დასრულება წარმოადგენს, თავად ეს მოცემულობა კი ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებისთვის სასურველი არ არის, რადგან ძვირფასი მეტალების ღირებულებას სწორედ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება განსაზღვრავს.
გეოპოლიტიკური რისკების შემცირების მოლოდინით, ეცემა ნავთობის ღირებულებაც, რომელიც ერთთვიან პერიოდში 5%-ითაა გაიაფებული და ბარელი Brent-ის ფასი ამჟამად 74 დოლარს შეადგენს.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ინვესტორებმა მეტად დადებითად მიიღეს და მის არჩევას ნეგატიური გავლენა მხოლოდ იმ აქტივებზე ჰქონდა, რომელთა ღირებულება გეოპოლიტიკურ რისკებზეა დამოკიდებული.