მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახება „რუსული კანონის“ მიღება „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ საქმიანობაზე?

გვანცა მელაძე

როგორ აისახება „რუსული კანონის“ მიღება „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ საქმიანობაზე? - ამ საკითხზე ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრმა გვანცა მელაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განმარტა.

მისი მოსაზრებით, დაფინანსებები, რომელიც საზღვარგარეთიდან მოდის, ფინანსებთან ერთად განათლების მიღებასაც მოიცავს, რაზე წვდომაც შეიზღუდება, ან შესაძლოა საერთოდაც გაქრეს. გვანცა მელაძე ამბობს, რომ "რუსული კანონის" ამოქმედებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია შეილახება, ისინი აღარ იარსებებენ.

„ბევრი სახელმწიფო პროგრამაა და ფინანსებზე წვდომა სახელმწიფო პროგრამებითაც შესაძლებელია, მაგრამ ასეთ პროგრამებში [საზღვარგარეთიდან შემოსული] ფინანსებთან ერთად განათლებაც არის ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსებული პროგრამებიდან ინტელექტუალური რესურსი შემოდის და თუ შეილახა არასამთავრობოების რეპუტაცია, ვფიქრობ, სურვილი აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები გვქონდეს და ეს ისევ კერძოს სექტორის წარმომადგენელს დააწვება, რომელიც ამ ორგანიზაციებისგან რაღაც სარგებელს იღებდა. ყველას შეუძლია აქედან, მომგებიან სექტორში გადაინაცვლოს და ის საქმე აკეთოს.

როდესაც ჩვენ ყოველ წელს ვითხოვთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან გარკვეულ დაფინანსებას, ეს ხომ თვითონ არ მოდის, განაცხადს გავაკეთებთ და გვაფინანსებენ. ასევე, ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში გარკვეულ პოზიციებზე არიან და დიდი ბიუჯეტის მართვის ნდობა და უფლება აქვთ გადმოცემული, ანუ ე. წ ნაციონალიზაცია მოხდა ამ მართვის რესურსის და ამ კანონპროექტით შეიძლება ავტომატურად არ გავჩერდეთ, მაგრამ ტენდენცია იქნება,რომ აღარ ექნება პრივილეგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლად ყოფნა, მით უმეტეს თუ დამფუძნებელი ხარ“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.

მან „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ მაგალითზე ახსნა, როგორი გამჭვირვალეა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები და დასძინა, რომ მისთვის გაურკვეველია რას ნიშნავს მეტი გამჭვირვალობა, რასაც მმართველი ძალის წარმომადგენლები კანონის მთავარ მოთხოვნად თვლიან.

„ორგანიზაცია, 2012 წელს დავაფუძნეთ და წევრობის საინტერესო მოდელი გვაქვს. წლიურად საშუალოდ 150 წევრი გვყავს. 1-წლიანი საწევრო სქემაა და წელიწადში 2-ჯერ ვატარებთ გამოკითხვას პრობლემებზე და რეკომენდაციებს ვუწევთ კერძო სექტორიდან. შემდეგ ამ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვმონაწილეობთ ტენდერებში, ვიგებთ პროექტებს და შემდეგ ამ სარგებელს ისევ ვაძლევთ კერძო სექტორს, რომელიც მათი საჭიროებების საპასუხოდ არის მიმართული. ახლაც საინტერესო პროექტი გვაქვს, ვეხმარებით უმცირესობის წარმომადგენლებს მათ შორის ეროვნული და რელიგიური უმცირესობების რომ მოახდინონ ეკონომიკური ინტეგრაცია დანარჩენ საქართველოში. დონორი არის USAID და ჩვენი პროექტები ძირითადად USAID-ისგან არის დაფინანსებული.

საიდან მოდის თანხები და როგორ იხარჯება ეს ისედაც საჯარო და გამჭვირვალეა - შემოსავლების სამსახურმა აბსოლუტურად ყველა ტრანზაქცია იცის, გადასახადებსაც ვიხდით. ვერ ვხდები კიდევ რა გამჭვირვალობაზეა საუბარი და თუ საჭიროა ესეც პრობლემა არ არის. როგორც სააქციო საზოგადოებას აქვს მაგალითად ვალდებულება წლიური ანგარიშგების ისე შეიძლება ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას ჰქონდეს. მეთოდს ვერ ვხდები თორემ შეიძლება რაღაც დევს ამაში ისეთი აზრი რისი გაანალიზებაც მე არ ძალმიძს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ "რუსული კანონის" საკომიტეტო განხილვები, 15 აპრილიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები