მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ახერხებენ ე.წ "მევახშეები" კანონისთვის გვერდის ავლას?

ხელშეკრულება

სასამართლოებში შესული საქმეების 49% სასესხო დავებზე მოდის - ამის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის დემოკრატიის ინდექსის ანგარიშში გვხვდება.

როგორც იურისტები ამბობენ, სასამართლო სისტემა გადატვირთულია დავებით, რომელიც ორ ფიზიკურ პირს შორის “ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით” ხელშეკრულებებს უკავშირდება. ამ გზით ე.წ მევახშეებმა 2018 წელს ფიზიკურ პირებს შორის ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემის შეზღუდვის გარემოებისთვის გზის ავლა შეძლეს.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების შემთხვევაში ხელშეკრულებები 3-6 თვემდე შუალედით ფორმდება. ადვოკატ გია ფოლადიშვილის თქმით, მოკლე ვადაში მევალე მოვალესთან თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს რა დროსაც კრედიტორი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმართვით უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირდება.

“გვაქვს მოცემულობა, რომ 3 თვის, 6 თვის ვადაში კრედიტორი პირდაპირ ხდება უძრავი ქონების მესაკუთრე, მიმართავს სასამართლოს და ითხოვს უძრავი ქონების გამოთხოვას. ათასობით არის მსგავსი საქმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში,”- ამბობს ადვოკატი გია ფოლადიშვილი.

იურისტების განმარტებით, ნასყიდობა გამოსყიდვის გარეშე კრედიტორის მხრიდან ქონების დაუფლებას ამარტივებს. სხვა შემთხვევაში თუ მაგალითად მსესხებელი ვალდებულებებს ვერ ისტუმრებს, კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ ქონება აუქციონზე იყიდება. გამოსავლად ნაპოვნი სქემით კი გამსესხებელი უძრავი ქონების პირდაპირი მესაკუთრე ჯერ კიდევ შეთანხმებული პირობების დარღვევამდე ხდება.

“ერთადერთი განმასხვავებელია და დაცვის მექანიზმიც ამ ტიპის ხელშეკრულებებში არის გამოსყიდვის უფლება. გამოსყიდვის უფლება გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულებებში არსებობს პირობა, რომლითაც კონკრეტულ ვადაში თუ გამყიდველი გადაიხდის თანხას და როგორც წესი ეს თანხა არის სესხის ღირებულება, რომელსაც ემატება პროცენტი, პირგასამტეხლო, საკომისიო. სესხის თანხა ამის შემდეგ დაბრუნდება მყიდველთან, ანუ იპოთეკართან საკუთრების უფლება კი დაბრუნდება და ქონების გამოსყიდვა განხორციელდება.

კანონმა 2018 წელს გაითვალისწინა აკრძალვა იმიტომ რომ დაეცვა სეგმენტი, რომელიც შეიძლება პოტენციური მსხვერპლი ყოფილიყო სესხისა და იპოთეკის, თუმცა სამწუხაროდ, მოიძებნა გვერდის ავლით ასეთი არაჯანსაღი, არასწორი და თვალთმაქცური გარიგება,”- ამბობს ადვოკატი ნინო ლიპარტია.

სასამართლო პრაქტიკაზე დაფუძნებით და პირადი გამოცდილებით ადვოკატი ნინო ლიპარტია ამბობს, რომ სასამართლო მსგავსი ტიპის გარიგებები ხშირად აბათილებს, უმეტესად არგუმენტი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი საქმის სწორად წარმართვა და დაცვის მხარის მაქსიმალური ინფორმირებულობაა.

“სასამართლო აბათილებს ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებას, იმიტომ რომ დასტურდება რომ ეს არის თვალთმაქცური გარიგება და მიზნად ისახავდა სესხისა და იპოთეკური ხელშეკრულების დამალვას. ეს უმეტესად დასტურდება იმით, რომ სახეზე არის საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვა პერიოდულად.

მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი ტაქტიკა, სწორი სამართლებრივი დაცვა და კვალიფიკაცია,” ამბობს ნინო ლიპარტია.

2018 წლიდან კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით კერძო პირები სასესხო გარიგებების რეგულირების ქვეშ არიან. კერძოდ, ნებისმიერი პირი, რომელიც გასცემს სესხს და თუ მისი გასესხებული სესხების რაოდენობა 20-ს აღემატება, უნდა ექცეოდეს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ, დარეგისტრირდეს საფინანსო ორგანიზაციად ან სესხის გამცემ სუბიექტად. შესაბამისად, მსგავსი სუბიექტები ექვემდებარებიან გადასახადებით დაბეგვრას.

იურისტები გვიხსხნიან, რომ ბევრი იპოთეკარი დღეს რეგულირების მიღმაა და გადასახადებს არ იხდის. ადვოკატი გია ფოლადიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებში არაერთი საქმეა წარმოებაში.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არაერთი მსგავსი საქმეა, როდესაც პასუხისგებაში მისცეს მსგავსი კრედიტორები, ვინც იღებდნენ თანხას და ბიუჯეტთან არ ახორციელებდნენ ანგარიშსწორებას.

მექანიზმი ნამდვილად არის შესამუშავებელი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად მოხდება მსგავსი საკითხების პრევენცია. ერთი მხრივ კრედიტორებმა უნდა იცოდნენ რომ შემოსავალი ისინი რასაც იღებენ საგადასახადო კოდექსის შედეგად დაბეგვრას ექვემდებარება და მათ კეთილი უნდა ინებონ და გადარიცხონ გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში.

მოვალეებს რაც შეეხება ამ შემთხვევაში მოვალეებმა მეტი და მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. სხვა რეცეპტი უბრალოდ არ არსებობს. ძალიან მარტივია, თანხა გჭირდება და იღებ სესხის სახით უნდა იცოდე ისიც რომ რაღაც კონკრეტულ პერიოდში ეს თანხა უნდა დაბრუნდეს,”- ამბობს ფოლადიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები