როგორც აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმების და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვუსალ გასიმლმა საინფომაციო სააგენტო Trends-ს განუცხადა, აზერბაიჯანის მთავრობა 164 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს COVID-19-ის შედეგების გასანეიტრალებლად.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აზერბაიჯანის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საჯარო და კერძო სექტორში 1,574,000 თანამშრომლის დათხოვნის თავიდან აცილება, ასევე, შვებულებაში მყოფი მოსამსახურეების ხელფასების შენარჩუნება.
სააგენტოს ინფორმაციით, უმუშევართა დროებითი დასაქმება უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სამსახურებში 50,000 ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნით, ხოლო, დაახლოებით, 200,000 დროებით უმუშევარი 111 აშშ დოლარის ოდენობის შემწეობას მიიღებს ორი თვის განმავლობაში.
ასევე, აზერბაიჯანის მთავრობა გეგმავს, 23 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას იმ სტუდენტების სასწავლო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებიდან არიან.
ამასთან, ვუსალ გასიმლმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა 57 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს უშუალოდ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უპრეცედენტოდ დიდი თანხებია.




























