ადგილობრივი ავტოდილერები არარეზიდენტებისგან მომდინარე კონკურენციაზე საუბრობენ, რაც სექტორს გამოწვევას უქმნის. საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში ბიზნესთან შეხვედრა იმართება.
როგორც ერთ-ერთმა ავტოდილერმა ბეგლარ კაკუშაძემ BMG-სთან განაცხადა, ყაზახები და ყირგიზები, რომლებიც მათთვის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ, უკვე თავად ჩაერთნენ საქმიანობაში.
"წელიწად-ნახევარი, ორი წელია ეს პრობლემა გააქტიურდა. ჩვენ ვისზეც ვყიდდით მანქანებს, ყაზახები, ყირგიზები, თვითონ ჩამოჰყავთ მანქანა, აახლებენ და თავადვე გაჰყავთ, ანუ ის ხალხი, ვისაც ჩვენთან უნდა წაეყვანა მანქანა, უკვე თავად ჩაერთნენ ამ საქმეში და ჩვენ ჩამოვშორდით. ჩამოდიან, რაღაც პერიოდი, 3 თვე - 1 წელი ჩერდებიან, საქმიანობას ეწევიან და მიდიან ანუ გასაღები ბაზარი აღარ გვაქვს.
სიტყვაზე, თუ 5 წლის წინ ერთ დილერს თვეში 10 მანქანა ჩამოჰყავდა, დღეს შეიძლება ერთი ჩამოიყვანოს. ამ დილერზეა მიბმული ავტოსერვისი, ავტონაწილები და ბევრი რამ. შესაბამისად, ეს ყველაფერიც ჩერდება. ასევე, ის თანხა, რომელიც გვრჩებოდა, ისევ ქვეყანაში იხარჯებოდა. შესაბამისად, ესეც აკლდება. იმპორტი შემცირებულია, მე პირადად აღარც შემიხედავს საყიდლად, რადგან პროგნოზირება ძალიან რთულია. ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს რომ ეს საქმიანობა აღარ უღირს", - ამბობს ავტოდილერი ბეგლარ კაკუშაძე.
თავის მხრივ, ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი ამბობს, რომ გაყიდვები არა თუ შემცირებულია, ფაქტობრივად, გამქრალია. მისივე თქმით, ბიზნესის კეთების გაგრძელება უკვე დიდ სირთულეს წარმოადგენს.
"ძალიან გაჭირვებით აგრძელებენ ბიზნესს იმის იმედით, რომ ოდესღაც გამოსწორდება სიტუაცია, თუმცა როდის არავინ იცის. სახელმწიფოს ვალდებულებაა, თავისი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას. უცხო ქვეყნის მოქალაქესაც, ისევე როგორც ქართველ ავტოდილერს, უწევს თანაბარ პირობებში მუშაობა. სატრანსფერო ქვეყნიდან გადავიქეცით სატრანზიტო ქვეყნად. თითქმის მთლიანად დაკარგულია ქართველი ავტოდილერის როლი ამ ბიზნესში. პორტებში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და ა.შ. მოქალაქეებს ავტომობილები ჩვეულებრივად ჩამოჰყავთ და შემდეგ გაჰყავთ საკუთარ ქვეყანაში. ასევე, მათ დაიწყეს უკვე თავიანთი კომპანიების დარეგისტრირება ავტოსერვისების მხრივ", - განუცხადა BMG-ის ლაშა დარბაისელმა.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 16%-ით გაიზარდა.