რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ბანკში ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია დაიწყო - პროცესი, რომლის შედეგად ბიზნესის ყველა მიმართულება ციფრულ ფორმას იღებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის მხარეს უფრო გამართული სერვისის არსებობას გულისხმობს. ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მოიაზრებს, როგორც ეჯაილ-მეთოდოლოგიის დანერგვას და საბანკო-საფინანსო და სხვა მომიჯნავე პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულებას, ასევე ბანკის შიგნით არსებული ტექნიკური სისტემებისა და პლატფორმების ქლაუდში გადატანას.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი კომპლექსური და საპასუხისმგებლოა, ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც საქართველოს ბანკმა ამ გზაზე შეარჩია, ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. ქლაუდზე მიგრაციის მიმართულებით, საქართველოს ბანკი ამერიკულ AWS-თან თანამშრომლობს, რომელიც ქლაუდ-სერვისების უდიდესი მიმწოდებელია პლანეტაზე. ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლობა მრავალმხრივია და საქართველოს ბანკს წვდომას აძლევს, როგორც ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, ასევე AWS-ის მრავალწლიან, უნიკალურ გამოცდილებაზე.
როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, AWS-ი ბანკს უყურებს არა როგორც რიგით მომხმარებელს, არამედ საიმედო რეგიონულ პარტნიორს. შესაბამისად, კომპანიებს შორის ამგვარი თანამშრომლობა საქართველოს ბანკს მოგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან ასე, ბანკი და ბანკის მომხმარებლები იღებენ არამხოლოდ საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, არამედ უნიკალურ ნოუჰაუსა და ექსპერტულ ცოდნას.
მაშ, რა დამატებით სარგებელს იღებს საქართველოს ბანკი AWS-თან თანამშრომლობით, როგორ გარემოში ინახება ბანკის მომხმარებლების პირადი მონაცემები და განვითარების რა ეტაპზე ქლაუდ-სტრატეგიის იმპლემენტაცია? ამ და სხვა საკითხებს, ამ ინტერვიუში, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ვაჟა მანტუასთან მიმოვიხილავთ.
რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ბანკი ქლაუდ-სერვისების მსოფლიოს უდიდეს მიმწოდებელთან, ამერიკულ AWS-თან თანამშრომლობს. რა მიმართულებებს მოიცავს ეს ურთიერთობა?
ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ მრავალმხრივია, რადგან საქართველოს ბანკს AWS-ი უყურებს არამხოლოდ როგორც მომხმარებელს, არამედ საიმედო რეგიონულ პარტნიორს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში AWS-ი ბანკის სერვისების მოდერნიზაციაში მონაწილეობს და მრავალ სფეროში საკუთარ დიდ გამოცდილებას გვიზიარებს, AWS-ის პროდუქტის განვითარების გუნდთან უშუალო ურთიერთობა გვაქვს. ერთობლივად ბევრ ვორქშოპსა და კონფერენციას ვმართავთ, რომლებზეც ერთმანეთს სიახლეებს ვუზიარებთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, ბანკში არსებული სისტემები და პლატფორმები მზად იყოს ქლაუდ-ტექნოლოგიაზე სრული მიგრაციისთვის, ხოლო დიდი ნაწილი - უშუალოდ ქლაუდში იყოს გადატანილი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიზანი სტრატეგიული ხასიათისაა, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ არამხოლოდ AWS-თან, არამედ ქლაუდ-სერვისების მიმწოდებელ ფაქტობრივად ყველა დიდ კომპანიასთან.
AWS-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მონაცემები AWS-ის დატაცენტრში, გერმანიაში ინახება. როგორ გარემოში ინახება ეს დატა, ანუ რამდენად დაცულია ბანკის ინფორმაცია?
ევროპაში მდებარე დატაცენტრში ბანკის ყველა კრიტიკული მონაცემისა და პლატფორმის კოპირებას ვახდენთ. AWS-ის ეს დატაცენტრები ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე და მონაცემთა უსაფრთხოების მართვის უმაღლეს სტანდარტზე არის დაფუძნებული, რაც ყველა იმ რეგულაციის შესრულებას გვიმარტივებს, რომლებიც ჩვენ, როგორც საბანკო-საფინანსო ინსტიტუტს გვაქვს. თუმცა, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურები AWS-ის ცენტრში უპირობოდ არის დაცული, კომპანია მოქნილიცაა და ცდილობს, პარტნიორების მოთხოვნები გაითვალისწინოს და მათ იურისდიქციაში არსებულ რეგულაციებს მოერგოს. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია, მომხმარებელს მივცეთ წვდომა მისთვის აუცილებელ ყველა სერვისზე, თანაც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ ევროპიდანაც. ამგვარად, საქართველოს ბანკი, გარკვეულწილად, ევროპაშიც ოპერირებს.
რა სარგებელს იღებენ AWS-თან ამგვარი თანამშრომლობით ბანკი და მისი მომხმარებლები?
ამ პარტნიორობით, პირველ რიგში, ჩვენი ტექნოლოგიური გუნდი იღებს დიდი გამოცდილებას, რომელსაც აქვს საშუალება გაიგოს და განიცადოს, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. AWS-ის ტექნოლოგიებთან და პროცესებთან უშუალო კავშირი გვაქვს, ანუ კომპანიის მდგრად, მასშტაბირებად და მოქნილ პლატფორმებს ვიყენებთ, რითაც ჩვენს მომხმარებელს თანამედროვე პროდუქტებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვთავაზობთ.
რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ბანკში ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქლაუდ-სტრატეგიის განხორციელება წარმოადგენს. რა როლს ასრულებს ამ პროცესში AWS-ი?
ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წარმოგვედგინა. საქართველოს ბანკმა ქლაუდ-ტექნოლოგიაზე მიგრაციის სამწლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის რეალიზაცია სამ ძირითად მიმართულებას უკავშირდება, ესენია - Cloud Governance Office, Cloud Platforming Office და FinOps Office. ევროპასთან უწყვეტ კავშირს ჩვენთვის გამოყოფილი 10G-ქსელის საშუალების უზრუნველვყოფთ. ამასთან, ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოგვყავს არსებული SLA-ტიპის შეთანხმებები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიტიკული კომპონენტების ქლაუდში გადასატანად ბოლო დეტალებს ვამუშავებთ.
ბოლო პერიოდში, ქლაუდში გადავიტანეთ, როგორც საქართველოს მობაილ ბანკის თამაში, ასევე თხუთმეტამდე სხვადასხვა აპლიკაცია. ცხადია, ქლაუდში უკვე ატვირთული გვაქვს ყველა სისტემის ასლი და დამატებითი სატესტო სისტემები. ამ მხრივ, დიდი ქლაუდ-კომპანიები გვეხმარებიან და ჩვენც, როგორც მოქნილი ორგანიზაცია, ვცდილობთ, უკუკავშირი და მხარდაჭერა ყველა კომპანიისგან მივიღოთ, მათ შორის AWS-ისგან, Oracle-ისგან, Microsoft-ისა და Google-ისგან. ამ მხრივაც, ცხადია, ჩვენს მომხმარებელს არაერთ სიახლეს ვპირდებით მომავალში.