მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს "საქართველოს ბანკისა" და AWS-ის თანამშრომლობა? | ინტერვიუ სალომე ბაქრაძესთან

საქ. ბანკი ქლაუდი
სტატიაში საუბარია:

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ბანკმა მიზნად ამბიციური გეგმა დაისახა - ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, რომელიც, როგორც ბანკში ამბობენ, კომპანიას მომხმარებლებისთვის ახალი, მეტად ინოვაციური პროდუქტების უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიტანის საშუალებას მისცემს. ახლა კი, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის და ამ პროცესში, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ი ერთვება, რომლის ქლაუდ-კომპანია AWS საქართველოს ბანკთან ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის - “მიგრაციის დაჩქარების პროგრამის” და კომერციულ შეთანხმების, ე.წ. “Enterprise Level Agreement”-ის გაფორმებას მოიაზრებს. რას გულისხმობს ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა და რა ეტაპზეა საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია - ამ და სხვა თემებზე საქართველოს ბანკის IT-პროგრამების მენეჯერს, სალომე ბაქრაძეს ვესაუბრეთ.

სალომე, საუბარი დავიწყოთ საქართველოს ბანკსა და Amazon Web Services- შორის არსებული თანამშრომლობის ახალი საფეხურის განხილვით, რომელიც მიგრაციის დაჩქარების პროგრამის, იგივე MAP-ის გაფორმებას გულისხმობს. რას მოიაზრებს და რა მიმართულებების მიგრაცია დააჩქარებს ეს ხელშეკრულება?

თუ გვინდა, საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა ნებისმიერი საბანკო მომსახურება მიიღონ და ციფრული ბანკის არხებით ისარგებლონ, აუცილებელია, რომ ბანკის ეკოსისტემაში ჩართულმა დიდი ზომის ინფრასტრუქტურამ, ანუ პლატფორმებმა და სისტემებმა უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს. ამ ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი საქართველოს ბანკის ლოკალურ დატაცენტრებში, ფიზიკურადაა განთავსებული.

ქლაუდ-ტექნოლოგიას უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და ამ უპირატესობებით სარგებლობის საშუალება საქართველოს ბანკის მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ამისთვის, მნიშვნელოვანია მიგრაციის პროცესი ისე შეუმჩნევლად მოხდეს, რომ მომხმარებელმა შეფერხება ვერ იგრძნოს. MAP-ი Amazon Web Services-ის უნიკალური პროგრამაა, რომლის საშუალებითაც კომპანია ორგანიზაციებს გარდამავალ პერიოდში ეხმარება. ამ პროგრამაში ჩართვით ჩვენი სისტემების მიგრაცია დაჩქარდება და უფრო ეფექტიანი გახდება. ეს ახალი ეტაპი და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისკენ.

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ბანკსა და AWS- შორის გაფორმდება - კომერციული შეთანხმება, .. “Enterprise Level Agreement”-ია. რას გულისხმობს ეს ხელშეკრულება და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ამ დოკუმენტით, ბანკსა და AWS- შორის არსებულმა თანამშრომლობამ სტრატეგიული ხასიათი მიიღო?

ეს ხელშეკრულება ცხადყოფს, რომ საქართველოს ბანკი და AWS-ი ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე ორმხრივად ვთანხმდებით, რითაც ჩვენ შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ვუყრით საფუძველს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების სახელმძღვანელო გამოსცა, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისათვის ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს იმგვარად არეგულირებს, რომ მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. Enterprise Level Agreement-ი კი გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ის სამართლებრივი საკითხი გვქონდეს დარეგულირებული, რაც სავალდებულოა ბანკის კრიტიკული აპლიკაციების ქლაუდში მიგრაციისთვის. ეს ხელშეკრულება მიგვანიშნებს, რომ ასეთი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ი საქართველოს ბანკს სანდო ტექნოლოგიურ პარტნიორად აღიქვამს.

ორივე ზემოხსენებული დოკუმენტი, ისევე, როგორც Amazon Web Services-თან თანამშრომლობა, როგორც ვიცით, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბების მრავალწლიანი ხედვის ნაწილია. რას ნიშნავს ტექნოლოგირი ტრანსფორმაცია საქართველოს ბანკისთვის და რა ეტაპზე არის ეს პროცესი დღეს?

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც ორი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული პროექტი დაიწყო. პირველი - პროცესების ტრანსფორმაციის პროექტი, რომელიც საქართველოს ბანკმა საკონსულტაციო კომპანია McKinsey-სთან განახორციელა და რომელიც პროდუქტის დეველოპმენტის პროცესის ცვლილებას და კომპანიაში ეჯაილ-მეთოდოლოგიის დანერგვას ისახავდა მიზნად. მეორე პროექტი კი, რომლის ფარგლებში პლატფორმების დიზაინის განახლების ხუთწლიანი გეგმა ჩამოყალიბდა, კომპანია Core-თან თანამშრომლობით განხორციელდა. აღნიშნული გეგმის შემუშავებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ პლატფორმების არქიტექტურის განახლების, ანუ “რედიზაინის” პროცესი უფრო და უფრო ჩქარდება.

საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, რაც თანამშრომლების ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, საუკეთესო ტალანტების მოზიდვას, ქლაუდ-პლატფორმების დანერგვას და მომხმარებლებისთვის მეტი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზებას ნიშნავს.

სალომე, იმ კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი ინფრასტრუქტურა ქლაუდზე აქვთ დაშენებული, მნიშვნელოვანია FinOps-გუნდის ყოლა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიმართულება საქართველოს ბანკში უკვე აქტიურია, რას მისცემს პროცესებში FinOps-ის კორპორაციულ-კულტურული გადაწყვეტის ინტეგრირება საქართველოს ბანკს?

ქლაუდზე გადასვლასთან ერთად კომპანიის ფინანსური მოდელიც იცვლება, რადგან ქლაუდში თანხის ოპტიმიზაციის პროცესი ძალიან განსხვავდება ბიუჯეტირების და შესყიდვის მიმართულებით ბანკში არსებული პროცესებისგან. არსებულ მოდელში შესყიდვის პროცესი გაცილებით ხანგრძლივი და ეტაპობრივია და კაპიტალური დანახარჯებით ძირითადი საშუალებების შესყიდვას გულისხმობს, ხოლო ქლაუდში ოპერაციული ხარჯის დაგენერირება მაუსზე ღილაკის რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია. ამასთან, მნიშვნელოვანია ქლაუდზე მიგრაცია ორგანიზაციისთვის ხარჯთეფექტიანი იყოს, რისთვისაც აუცილებელია ქლაუდში ხარჯების მართვა და ბიუჯეტირება სწორად მოხდეს. ხარჯების მონიტორინგის და ოპტიმიზაციის პროცესში მთავარი როლს სწორედ FinOps-ის კროს-ფუნქციური გუნდი ასრულებს, რომელიც IT-ს, შესყიდვებისა და ფინანსების გუნდის წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ გუნდში თავმოყრილია ყველა იმ კომპეტენციის ადამიანი, რომელიც ქლაუდში არსებული რესურსების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

ქლაუდზე გადასვლის პარალელურად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, განსაკუთრებით დიდ დატვირთვას იძენს ფიზიკური სერვერები, რომლებზეც ბანკის ეკოსისტემური მონაცემები გროვდება. ხომ არ შეგვიძლია განვმარტოთ, თუ როგორ უკავშირდება ბანკის ეკოსისტემა ქლაუდ-ტექნოლოგიის მთავარ პროვაიდერ კომპანიებს?

ასე გეტყვით: რაც უფრო მეტ რესურსს ვიყენებთ ქლაუდში, მით მეტ გლობალურ ინტერნეტს მოვიხმართ, რაც ნიშნავს, რომ გლობალური ინტერნეტის ქსელზე დამოკიდებულებას ვზრდით. იმისთვის, რომ ინტერნეტის შეფერხების რისკი მაქსიმალურად შევამციროთ, ბანკის დატაცენტრებსა და Amazon-ის დატაცენტრს შორის პირდაპირი ქსელის ხაზის, ე.წ. “Direct Connect-ის” გამართვაზე ვმუშაობთ, რომელიც ბანკის შეუფერხებელ ოპერირებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, თუ ქვეყანაში გლობალური ინტერნეტის კავშირი გაწყდა. ეს პროექტი, თავისი მასშტაბით, საკმაოდ დიდია, მაგრამ სწორედ ასეთი ტიპის ქსელი მოგვცემს მომავალში დიდი ტრაფიკის ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ გატარების საშუალებას.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია უკვე წლებია, რაც მიმდინარეობს, ვცადოთ ამ პროცესის შეფასება. ხომ ვერ დამისახელებთ იმ მიმართულების რამდენიმე მაგალითს, რომელიც ბანკმა ქლაუდზე უკვე გადაიტანა?

ამ დროისთვის სრულად დავამიგრირეთ SOLO-ს და Wealth Management-ის არხები. ამასთან, ახლახან გაეშვა მობილ ბანკის თამაში, რომელიც სრულად ქლაუდზე არის განთავსებული. როგორც კი თამაშის შექმნის იდეა გაგვიჩნდა, ვიცოდით, რომ ის ჩვენი ინფრასტრუქტურის დატვირთვას გაზრდიდა და ამ გაზრდილი მოთხოვნისთვის რომ გვეპასუხა, საუკეთესო გამოსავალი სწორედ - ქლაუდ-სისტემების დანერგვა იყო. ქლაუდის დახმარებით AWS-ის რესურსებზე წვდომა ფაქტობრივად მომენტალურად მივიღეთ და, რაც მთავარია, ეს ინოვაციური გადაწყვეტა მომხმარებლამდე ძალიან მალე მივიტანეთ.

როგორც უკვე გითხარით, Amazon Web Services-თან MAP-ისა და Enterprise Level Agreement-ის გაფორმებით, კრიტიკული აპლიკაციების მიგრაციაც შესაძლებელი გახდება.

სალომე, ბოლოს მინდა გკითხოთ, თუ რას მოუტანს საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და პროცესებში ქლაუდ-ტექნოლოგიის ინტეგრირება რიგით მომხმარებელს?

ქლაუდ-ტექნოლოგიის დანერგვით, პირველ რიგში, უფრო მოქნილები ვხვდებით, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ მეტ მომხმარებელს დავუკავშირდეთ და გავიგოთ, რა სჭირდებათ, რა მოსწონთ და რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ. ქლაუდზე მიგრაციით შევძლებთ ისინი მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების შემოქმედებად ვაქციოთ, რითაც, ბუნებრივია, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მეტად მორგებულ პროდუქტს მივიღებთ. ქლაუდ-ტექნოლოგია ახალი ტექნოლოგიების სწავლასა და კომპანიაში ახალი ტალანტების მოზიდვაში დაგვეხმარება, ხოლო ჩვენ პლატფორმები უფრო მდგრადი, სწრაფი, უსაფრთხო და მოქნილი გახდება, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე ახალი პროდუქტების გამოჩენის დროზე და ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები