მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულა 2023 წელი უკრაინამ და რა ელის 2024-ში?

უკრაინა

2023 წლის განმავლობაში უკრაინის ეკონომიკა 4.5%-ით გაიზარდა, შესაბამისი შეფასება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში. 2024 წლის განმავლობაში კი ფონდი 3%-დან 4%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო მსოფლიო ბანკი კი 3.2%-იან ზრდას.

ამასთან, უკრაინაში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, თუკი 2022 წელს ის 20%-ს აღემატებოდა, 2023-ში 14%-მდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს სავალუტო ფონდის პროგნოზით 8%-ს დაუახლოვდება.

უკრაინამ 2023 წელი 40.5 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვებით დაასრულა, რაც წლიურ ჭრილში 42%-იან ზრდას წარმოადგენს. თუმცა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი გრივნას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მილიარდობით დოლარს ხარჯავს. 2023 წლის დეკემბერში ინტერვენციებმა 3.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უკრაინის სავალუტო რეზერვების შევსება დონორული დაფინანსებით ხორციელდება. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკმა დახმარების სახით 42.7 მილიარდი დოლარი მიიღო. მათ შორის რეზერვები $19.7 მილიარდით შეივსო ევროკავშირის მიერ, მსოფლიო ბანკის მიერ $16.4 მილიარდით, IMF-ის მიერ $4.5 მილიარდით, ხოლო კანადის მიერ $1.8 მილიარდით.

უკრაინა 2024 წლის განმავლობაში საერთაშორისო დახმარების სახით ევროკავშირისგან 50 მილიარდი ევროს მაკრო-ფისკალური მხარდაჭერის პაკეტს ელოდება. ქვეყნის მთავრობა წელს საგადასახადო შემოსავლების სახით 44 მილიარდი დოლარის მიღებს ელოდება, ხოლო ბიუჯეტის ხარჯები 82 მილიარდი დოლარი იქნება, შესაბამისად, ქვეყანა საბიუჯეტო დეფიციტს საგარეო დონორული დაფინანსებით ფარავს. უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარი - 40 მილიარდი დოლარი 2024 წელს თავდაცვის ხარჯებს მოხმარდება.

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-ის 49%-ს შეადგენდა, 2024 წლის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 82%-ს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები